დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ოქრო

ფოტო: საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7-წლამდე ვადით.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ამოღებული ოქროს ნაკეთობები, დაექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა