ძალადობის კომპენსირება ფულით - რა მესიჯი მისდით ქალებს, როცა დამნაშავეები საპატიმროებს თანხის სანაცვლოდ ტოვებენ?

ბრალდება ძალადობა, სასჯელი კი თავისუფლება გირაოს სანაცვლოდ - მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში, საკმაოდ მომრავლდა. ოჯახის წევრზე, ახლობელზე, პარტნიორსა თუ რიგით მოქალაქეზე ფიზიკურად მოძალადე პირებს სასამართლო თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებს, მსხვერპლი კი, ვინც არსებული სტერეოტიპების ფონზე, გაბედავს და ძალადობაზე საჯაროდ ალაპარაკდება, კვლავ შიშისა და მუქარის პირისპირ რჩება. რატომ იღებენ მოსამართლეები მოძალადეების მიმართ ნაკლებად მკაცრ ზომებს და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამგვარი პრაქტიკა?

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა მოძალადე ქმარი, სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად გირაოთი გაათავისუფლა, გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვიხილეთ. 10 000 ლარად, საპატიმრო დატოვა აჭარის სამმართველოს ინსპექტორმა ნუგზარ სამნიძემ, რომელმაც,  ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლზე, ფიზიკურად, საჯაროდ ავტომანქანაში იძალადა.

ამგვარი მიდგომა სულ რაღაც ორი კვირის წინ გავხდით მაგალითად თბილისშიც, როცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ქალზე ძალადობისთვის დაკავებული ცნობილი რეპერი - კაბუ, პატიმრობიდან ასევე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაუშვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალზე ძალადობისას, ამგვარი გადაწყვეტილებები, ქართულ მართლმსაჯულებაში კიდევ მრავლად მოიძებნება, მის ნეგატიურ შედეგებზე ხშირად საუბრობენ. ახალგაზრდა აქტივისტი, ამბობს, რომ მსხვერპლს, ამგვარი მიდგომა უკარგავს აზრს დაძლიოს სტიგმა და მივიდეს სასამართლომდე.

ადვოკატი რამინ პაქსაძე ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობისას, ყველანი სტატისტიკიდან უნდა ამოვიდეთ. კერძოდ, გირაოთი გათავისუფლებული პირი, რამდენად ხშირად იდენს დანაშაულს  განმეორებით. გარდა ამისა, მისი შეფასებით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, მოსამართლე ინდივიდუალურად აფასებს რისკებს და ის პოზიცია რომ ყველანი ციხეში დარჩნენ, არაჰუმანურია. ადვოკატის შეფასებით, ხშირად დანაშაულის გასაჯაროვებას და სასამართლომდე მიტანასაც კი აქვს დადებითი შედეგი. სწორედ გირაოს და შემაკავებელი ორდენის დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლეს საბჭოში.

მოძლადეების მსხვერპლებს ხშირად იცავს თიკო აბაშიძე. ამბობს, რომ მოსამართლე, მართალია ინდივიდუალურად განიხილავს გირაოს შეფასების საკითხებს, თუმცა ქალებში დაუცველობის სინდრომი მაღალია, ამიტომაც მათი უმრავლესობა ემიგრაციაში მიდის.

2023 წლის იანვარ-სექტემბრის ჩათვლით პერიოდში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, აჭარაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის 145 შემთხვევას ითვლის, საიდანაც შემაკავებელი ორდერი 76 შემთხვევაშია გაცემული. საქართველოს მასშტაბით არსებული სტატისტიკით კი ამავე პერიოდში, ძალადობის მსხვერპლი 1059 ქალი გახდა.

მეტის ნახვა