ახალი ამბები • 1746614340
სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დაუფლების ფაქტი - 8 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს 8 717 236 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 1 326 603 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი 876 723 ლარი გამოიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1739131407