შუახევში, მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მეწყერი შუახევში - სოფელ ჭვანაში, მიწის მასა ჩამოწვა და ცენტრალური გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილობრივები TV25.GE-ის უყვებიან, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება ჭირს როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ავტომობილებისთვის.

იქ მცხოვრებლების ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა და საფრთხის ქვეშაა. მათი თქმით, მეორე დღეა ადგილზე მერიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ითხოვენ დახმარებას.

საპირისპიროს გვეუბნებიან შუახევის მერიაში. უწყების ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გზის გაწმენდით სამუშაოებს კი, სპეციალისტების შეფასებაზე დაყრდნობით, ჯერ ვერ ჩაატარებენ.

"ჭვანის ცენტრალურ გზაზე მეწყერი აქტიურია. სპეციალისტების შეფასებით, ამ დროისათვის გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული გზით. მიმდებარე ტერიტორიიდან, 2 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

დილიდან მობილიზებულია ტექნიკა, დღის ბოლომდე შეფასდება არსებული ვითარება და პრევენციული ღონისძიებები გატარდება. ადგილზე იმყოფებოდნენ, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, მერის წარმომადგენელი ჭვანის თემში, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლები", - გვითხრეს შუახევის მერიის პრესცენტრში.

მეტის ნახვა