ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში  ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი  და 4 სტუდენტი დააკავეს

დაკავება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში  ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი  და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.

"ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებული პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძეა.

იგი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. 

3 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს მამუკა ჯორბენაძესთან ერთად იყო 4 სტუდენტი, რომლებიც შეესწრნენ ამ თავდასხმას. ერთ-ერთი სტუდენტი, დავით გვიანიძე ასევე არის მამუკა ჯორბენაძის დისშვილი.

ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით , მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.
 
დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ.
 
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა - 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს - 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს"- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"შსს-ს მიერ დასახელებული ინიციალები თ.ც. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი თეა ცაგურიაა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. გასაუბრება ვერც მის მეუღლესთან მოხერხდა – ირაკლი დევაძე ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ირაკლი დევაძე შვებულებაშია"- წერს "ბათუმელები"

მეტის ნახვა