ახალი ამბები • 1734423903
1 წელში, 3000-ზე მეტ რუსს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა - რა საფრთხეების წინაშე დააყენებს სახელმწიფოს საშიში ტენდენცია?
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის 3000-ზე მეტმა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ეს რიცხვი კონკრეტულად, 3 ათას 297-ია. ბოლო ერთ წელში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, ჩვენს ქვეყანას, ამ მოთხოვნით ჯამში, 8544-მა ადამიანმა მიმართა. განაცხადებიდან 97,5 მეათედი პროცენტი, ოკუპანტი მეზობლის მოქალაქეებზე მოდიოდა. ამასთან, გასულ წელს საქართველოში ჯამში მილიონ ნახევარი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5 -ჯერ მეტია. სიუჟეტში მიმოვიხილავთ, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოზე რიცხვებში და საფრთხეებს, რომლებიც რუსების მასიურ შემოდინებას შეიძლება მოჰყვეს. რატომ სურთ მათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა?
ბათუმის ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ დროს თუ გაივლით, შენიშნავთ, რომ ქალაქი რუსულენოვანი მოქალაქეებით სავსეა. მათი რიცხვი იმდენად დიდია, შესაძლოა, დაგრჩეთ განცდა, რომ უმცირესობაში ხართ. ზღვისპირა ზოლში ჩვენს მიერ გამოკითხულ უცხოელთა დიდი ნაწილი, სწორედ, ოკუპანტი ქვეყნიდანაა შემოსული.
რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, საქართველოში შემოსვლის მიზეზებს, დიდი ალბათობით მალავს. რეალურ საფუძველს, მხოლოდ, მცირე ნაწილი გვიმხელს.
რატომ სურთ რუსებს საქართველოს მოქალაქეობა? ამ კითხვას პასუხს სცემს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, რომელმაც კვლევა ჩაატარა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე რიცხვებში ასახა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დიდ ნაწილს საქართველოსთან კავშირი აქვს, ან წარსულში ჰქონდა, რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო, ბინადრობის უფლება კი, ამავე პერიოდში, თითქმის, 1600 პირზე გაიცა. მესამე სექტორი წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 2022 წელს 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინეს, ამავე პერიოდში 16 ათასამდე იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, ქართულ სკოლებში 2 ათასამდე ბავშვმა დაიწყო სწავლა. ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა, 3 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო.
უცხოელებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონითაა დარეგულირებული. მსურველების განცხადებებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განიხილავს. დადებით რეკომენდაციებს კი, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. რა პრინციპით ხელმძღვანელობს ქვეყნის პირველი პირი და ხედავს თუ არა საფრთხეებს რუსების მასიურ შემოდინებაში? პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დღეს, ამ კითხვებზე პასუხები არ გაგვცეს. საკითხის შეფასება არც ადგილობრივ დონეზე ისურვეს. კომენტარები არც აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში გაკეთდა. ერთადერთი, ვინც თემა შეაფასა, ბათუმის ვიცე-მერია. მან აქცენტი, მხოლოდ, ტურისტულ მოტივებზე გააკეთა.
რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს რუსების მასიურ შემოდინებას? ორგანიზაცია " საქართველო - სამი ზღვის " ექსპერტი ამბობს, რომ თუ კი პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსებისთვის ხელისუფლება მაქსიმალურ კომფორტს ქმნის, რათა არჩევნებზე, მუდმივად რუსეთისთვის სასურველმა კანდიდატმა მიიღოს მაქსიმალური მხარდამჭერია. ასმათ დიასამიძე საშიშ ტენდენციაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჩვენს ქვეყანას ოკუპანტი ქვეყნისთვის უვიზო შემოსვლა აქვს დაწესებული.
1728455482
1727447820