ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი - რას ითვალისწინებს დოკუმენტი და რას ითხოვს მოსახლეობა | მხარეთა პოზიციები

ბათუმის 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დაიწყო. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დღეს სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ. მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას სთხოვა. მათი მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის, სავალი გზის, გარე განათების და სხვა კომუნალური სერვისის მოწესრიგების კუთხით არსებული დაბრკოლებებია. მჭიდროდ დასახლებულ უბანში დაგეგმილ შეხვედრას, ადგილობრივთა მცირე ნაწილი ესწრებოდა, პრობლემებზე კი მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე საუბრობდა. რას ითვალისწინებს არსებული დოკუმენტი და რას ითხოვს მოსახლეობა? თამარ კიკნაძე არკვევდა.

კახაბრის დასახლებაში, მახვილაურის ქუჩა, ერთ-ერთი ყველაზე  ავარიულია. აქ ნებისმიერი ადგილობრივი, ნომერ პირველ პრობლემად, სწორედ ამორტიზებულ გზას ასახელებს.

ადგილობრივებს, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული გამოწვევა აქვთ. მაგალითად, არ მუშაობს გარეგანათება და არ აქვთ სასმელი წყალი.

როგორც აღმოჩნდა, მწყობრიდან გამოსული გარეგანათებები არამხოლოდ მახვილაურის ქუჩაზე აწუხებთ. იგივე პრობლემა აქვთ მაგალითად მაჭახლის ქუჩის მცხოვრებლებსაც.

კახაბრის დასახლებაში, კიდევ ერთ მისამართზე, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე მივედით. გზა სავალალო მდგომარეობაში დაგხვდა. აღმოჩნდა, რომ არც ცენტრალურ ქუჩაზე და არც მის ჩიხებში მცხოვრებლებს, საკანალიზაციო სისტემა არ აქვთ.

იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა, მერიის შესაბამის სამსახურებთან პირდაპირი დიალოგის გზით დაეყენებინათ, შესაძლებლობა დღევანდელ შეხვედრაზე ჰქონდათ. მერია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნების მიღებისთვის, სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციულ უბანში, საჯარო შეხვედრაზე განიხილავდა. მას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა.

მხოლოდ კახაბრის დასახლებაში, 2002 წლის მონაცემებით, 6 ათასზე  მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

რა იგეგმება 2024 წელს, პრეზენტაციისას, ყურადღება იმ პროექტებზე გამახვილდა, რომელთა განხორციელებაც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.

კითხვები და მოთხოვნები, დღევანდელ შეხვედრაზე ნაკლებად ისმოდა, თუმცა ის, რაც ხმამაღლა ითქვა, საკმაოდ დიდი გამოწვევაა და არა მხოლოდ კახაბრის დასახლებისთვის.

კახაბრის ქუჩაზე, მოითხოვეს სკვერის მოწყობაც. 

დღეს, განსაკუთრებით ბევრი აღმოაჩნდათ სალაპარაკო არარსებულ საბავშვო ბაღებზე და ამორტიზებულ გზებზე.

რას გაითვალისწინებენ დასახელებული პრობლემებიდან 2024 ბიუჯეტში და რას არა, ეს მაშინ გამოჩნდება, როცა დოკუმენტს მხარდასაჭერად საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ. რამდენად პასუხობდა წარმოდგენილი პროექტი მათ საჭიროებებს, ამ კითხვაზე დღეს უმრავლესობას დადებითი, თუმცა კონკრეტიკისგან დაცლილი პასუხები ჰქონდათ.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვების კონტექსტში,  ბათუმის მერიას, დღეს რიგით მეორე შეხვედრა ჰქონდა. იგი, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოივლის. ხვალ, ანალოგიური შეხვედრა ბონი-გოროდოკის, თამარისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულებშია დაგეგმილი. შეხვედრა, დილის ათ საათზე, მაიაკოვსკის 67 ნომერში შედგება.

მეტის ნახვა