“ჩემი მეუღლე გაიტაცეს და ზეწოლა განახორციელეს” | თინა ბოკუჩავა კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ  მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ ვიდეოს გავრცელებას წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა.

"ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ პირად ტელეფონთან წვდომას. მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ პირად ტელეფონთან წვდომას"- თქვა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მეორედ ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო.

მეტის ნახვა