დამსახურება ბსუ-ს თუ "ოცნების" წინაშე - როგორ მოიპოვა ლიკა დიასამიძემ თანამდებობა?

უნდა გიამბობთ ტროლ-ბოტების საქმის კიდევ ერთ მთავარ ფიგურანტზე. რიჩარდ სირაბიძის მსგავსად, ლიკა დიასამიძის ისტორიაც, „ქართული ოცნების“ აქტივისტობიდან იწყება. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას უკვე რამდენიმე კვირაა ხელმძღვანელობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ დიასამიძეს სასწავლებლის სტუდენტთაგან ბევრი არ იცნობს. არადა არჩევნები 7 000 სტუდენტის მონაწილეობით ჩატარდა. ჩნდება კითხვა - რა დამსახურებით დაიკავა დიასამიძემ თვითმმართველობის თავმჯდომარის პოსტი, თანაც უკონკურენტოდ? რა არის ამის რეალური მიზეზი - მართვის სათანადო უნარი თუ „ოცნებისთვის“ გაწეული საქმიანობა, რომელიც დაუფასეს?

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, სწორ პასუხამდე მაინც ვერ მივიდნენ. არადა კითხვა მარტივი იყო. სტუდენტებმა, არ იციან, ვინ არის მათივე არჩეული თვითმმართველობის თავმჯდომარე. არც ის იციან, როგორ გახდა ლიკა დიასამიძე ხელმძღვანელი. რა ევალება, ან რა უნდა გააკეთოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის თვითმმართველობის თავმჯდომარემ? პასუხები, ვერც ამ კითხვებზე მივიღეთ.

არადა არჩევნები, სტუდენტების მონაწილეობით, ფარული კენჭისყრით ჩატარდა. სავარაუდოდ ელექტორატისთვის სახელი დასამახსოვრებელი იმიტომ არ აღმოჩნდა, რომ ბევრი ფიქრის გარეშე ხმა, მხოლოდ ლიკა დიასამიძისთვის უნდა მიეცათ, რადგან იგი ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატი იყო. უნივერსიტეტში მისი ვინაობა, მხოლოდ, რამდენიმე სტუდენტმა გაიხსენა.

როგორ გახდა ლიკა დიასამიძე, ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე? ხომ არ იქონია გავლენა იმ ფაქტმა, რომ იგი „ქართული ოცნების“, ბათუმის ახალგაზრდული ფრთის, ხელმძღვანელის მოადგილეა. ამ გარემოებების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, მისთვის ახალი პოსტის დაკავება რთული არ უნდა ყოფილიყო.

რა ევალება თვითმმართველობის თავმჯდომარეს? დაავალოს სტუდენტებს მადისკრიმინებელი ფეისბუქ პოსტების წერა თუ სტუდენტთა ადმინისტრაციული და სასწავლო პრობლემები მოაგვაროს? ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან, ცოტა უნაური პასუხი მივიღეთ.

ალბათ, ჩვენი ექსკლუზიური სიუჟეტი, რომ არა ლიკა დიასამიძის და რიჩარდ სირაბიძის, ჩანაფიქრი თავმჯდომარეობის შემდგომ, მოცემულობას აი ასე, როგორც ამ ფოტოზეა, ქარბობალასავით სწრაფად შეცვლიდა. სავარაუდოდ, დავალებების პირნათლად შესრულებაში, დიასამიძე უკეთეს თანამდებობას მოიპოვებდა. როგორც ჩანს დიასამიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობებს, სწორად ვერ ითავისებს, რადგან სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზების ნაცვლად, ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციას აორგანიზებს.

აქვე გეტყვით, რომ ლიკა დიასამიძესთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მეტის ნახვა