ახალი ამბები • 1746614340
"პოლიტიკოსი ხალხთან" - ცოტნე ანანიძე საზოგადოების პირისპირ
რას ფიქრობენ ადამიანები პოლიტიკოსებზე, რამდენად ამართლებენ არჩეული დეპუტატები მათ მოლოდინებს, ეს ყველა დროის ყველაზე აქტუალური და საჭირბოროტო თემაა. აზრები და პოზიციებიც მუდმივად განსხვავებული და საკამათოა. მით უფრო, თუ საუბარი მაჟორიტარ დეპუტატებს ეხებათ. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ TV25-ის რუბრიკა „პოლიტიკოსი ხალხთან“ და ამჯერად, ქობულეთის ქუჩები, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მოვიარეთ.
ცოტნე ანანიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს, საზოგადოების იმ არჩევანზე, რომლითაც მისცეს შესაძლებლობა, გამხდარიყო ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. მანდატის მიღებიდან, სამი წლის შემდეგ ამბობს, რომ ჯადოსნური ჯოხი არ აქვს და ბევრი რამაა გამოსასწორებელი. კითხვაზე, რამდენად გაუმართლა იმედები საკუთარ ხალხს გამოცხადებული ნდობის სანაცვლოდ, გვპასუხობს, რომ მთავარი შედეგი მისთვის გაზრდილი ფინანსური ტრანსფერია.
ეს დეპუტატის აზრია. იგივე კითხვით, ადგილობრივებს, მაჟორიტართან ერთად მივმართეთ.
ცოტნე ანანიძეს, ქომაგები ნამდვილად ჰყავს, თუმცა ისეთი გადაწყვეტილების დასახელება, რომელიც უშუალოდ მაჟორიტარს უკავშირდება და მუნიციპალიტეტის საერთო ინტერესია, ადამიანებს უჭირთ. პასუხები ხშირად ზოგადია. ერთ რამეზე კი ხაზგასმით და გულწრფელად საუბრობენ, ცოტნე კარგი ადამიანია და ინდივიდუალურად, დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს შესაბამის უწყებებთან ყოველთვის შუამდგომლობს.
ამის მიუხედავად, ბევრმა არ იცის, ვინ იცავს მათ ინტერესს უმაღლეს საბჭოში. ან იცნობენ, როგორც რიგით ქობულეთელს, თუმცა არა როგორც კანონმდებელს. კითხვაზე, რა სჭირდებათ და რას სთხოვდნენ ახლადგაცნობილ დეპუტატს, პასუხები ასეთია:
რესპონდენტები, შემთხვევით შერჩევის პრინციპით ავირჩიეთ. შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე ანანიძე ადგილობრივებს უყვართ, თუმცა ფაქტი ერთია - მოსახლეობას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უფრო მეტად სჭირდება. ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს გაზრდის.

1739131407