უდიპლომო დეპუტატის გზა აქტივისტობიდან წარმომადგენლობით ორგანომდე - ვინ არის რიჩარდ სირაბიძე?

შენიშვნა: რეპორტაჟის მომზადებისას რიჩარდ სირაბიძის პოზიციის მოსმენაც გვსურდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რიგითი აქტივისტობიდან საკრებულოს დეპუტატობამდე. რიჩარდ სირაბიძე, რომელიც TV25-ის მიერ გაშიფრული ტროლ-ბოტების სქემის მთავარი ფიგურანტია, ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი გუნდის სახელითაა. საშუალო განათლების მქონე „მეოცნებე“, ამ დრომდე, ბათუმის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვადაგახანგრძლივებული სტუდენტია. სურვილი, რომ უმაღლესი განათლება დაესრულებინა და ბაკალავრის ხარისხი მიეღო, ალბათ, წლებთან ერთად გაუქრა. არადა, მმართველ პარტიას რომ ვკითხოთ, გუნდი მხოლოდ პროფესიონალი კადრებით ჰყავთ დაკომპლექტებული. რიჩარდ სირაბიძის შემთხვევაში კი პროფესიონალიზმი ოპონენტების, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის მუდმივ კრიტიკას გულისხმობს.

ამ ვიდეოს  გადეპუტატებული რიჩარდ სირაბიძე,  საკუთარ ტიკტოკ პლატფორმაზე აქვეყნებს. ალბათ განგსტერსა და რეკეტში იმ ჩატებს გულისხმობს, სადაც ბრძანებებს გასცემს, რომ კიბერ ბულინგის ადრესტაზე იერიში მიატანინოს სტუდენტებს, რომლებსაც, შესრულებული სამუშაოს დასტურად, სქრინების დაბრუნებას სთხოვს.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატობამდე,  რიჩარდ სირაბიძე,  რიგითი აქტივისტი იყო.  შემდეგ „ოცნების“,  შესრულებული საქმეები დაუფასდა და ბათუმში ახალგაზრდული ფრთის ლიდერად დანიშნეს.  მისი მოადგილე კი, ლიკა დიასამიძეა, რომელიც  ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარედ უკონკურენტოდ შეარჩიეს. სირაბიძე დიასამიძის ახლად დაკავებულ პოსტს პარტიული მიზნებისთვის იყენებს.

სირაბიძე, აიძულებს ბსუ-ს სტუდენტებს, მიზანმიმართულ ბულინგ კამპანიაში ჩაერთონ. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, თავადაც, სტუდენტის სტატუსით სხვა უნივერსიტეტში ირიცხება. უმაღლესი სასწავლებლის ლექტორები საჯაროდ საუბარს ერიდებიან, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების გამო, სირაბიძეს გარკვეული საგნები „ჩარჩა“ და სტუდენტობის ვადა გაუხანგრძლივდა. შესაბამისად, მხოლოდ საშუალო განათლების მქონე დეპუტატს, ამ დრომდე, არ აქვს საბაკალავრო  ხარისხიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, არაა მითითებული, არის თუ არა აუცილებელი საკრებულოს დეპუტატისთვის უმაღლესი განათლება, ალბათ ყველა თანხმდება, რომ მართვის სადავეებთან, განათლებული ადამიანები უნდა იდგნენ. ამ ფონზე კი, უდიპლომო დეპუტატმა, ბათუმის საკრებულოს წევრობასთან ერთად, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიც დაიკავა.

როგორც დადასტურდა, იგი „ტროლ-ბოტების ქარხანას“ ამუშავებს. თავად კრიტიკას ვერ უძლებს, ოპონენტებს კი, მუდმივად დასცინის და აკრიტიკებს. მათ  ცილს სწამებს, სადეპუტატო მანდატის ბოროტად გამოყენებაშიც,  როცა თავად, პრივილეგიებით სარგებლობს და  ავტომობილს მართვის მოწმობის არქონის მიუხედავად მაინც მართავს.

თანამდებობის მოყვარული, უდიპლომო დეპუტატი, ალმამატერის ბათუმის ფილიალში, ვიდრე სტუდენტი იყო, თვითმმართველობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. რექტორი არ გვისახელებს, რატომ დატოვა დაკავებული პოსტი სირაბიძემ თუ კი ის ისევ სტუდენტის სტატუსით სარგებლობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დეპუტატს ამ ეტაპზე უმაღლესი განათლების მიღების პროცესი შეწყვეტილი აქვს.

დაცინვა, ტროლებისა და ბოტების მართვა, ბულინგი, კანონდარღვევა - ეს ყველაფერი ერთ ადამიანს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ხელისუფლება, მუდმივად პროფესიონალიზმზე აპელირებს, რეალურად რიგ საკითხებში გადაწყვეტილებების მიმღებად, სწორედ, ასეთი ადამიანები ჰყავთ. რაც „TV25“-ის მიერ გაშიფრულ სქემაში რიჩარდ სირაბიძის მონაწილეობითაც დასტურდება. როგორც ირკვევა, ქვეყანაში, ადამიანები მაღალ თანამდებობებს არა განათლების,  პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობისთვის, არამედ, შავი საქმეების კარგად შესრულებისთვის იკავებენ.

მეტის ნახვა