ახალი ამბები • 1746614340
ზაალ მიქელაძე სკანდალში ეხვევა - მაჟორიტარ დეპუტატს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები უპირისპირდებიან
ზაალ მიქელაძე სკანდალში ეხვევა. ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები უპირისპირდებიან. პროტესტის მიზეზი კლინიკის დაყადაღებაა, რის გამოც, სამედიცინო დაწესებულება მუშაობას ვერ აგრძელებს და თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ვერ ახერხებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ისინი აქციებს აანონსებენ და ხელწერების შეგროვებას იწყებენ, რათა მიქელაძეს დეპუტატის მანდატი ჩამოერთვას. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ სწორედ დეპუტატის პირადი ინტერესების გამო აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში.
„ჩვენ ვაკმაყოფილებთ სახელმწიფო სტანდარტებს, ჩვენ ვემსახურებით ქობულეთის მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნებით, ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ ISO სტანდარტის მინიჭებაზე, 2025 წლიდან კი კლინიკა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.
ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი. ის თავის თანამდებობას იყენებს ბოროტად და სასამართლოს ძალით სურს მიიღოს კლინიკიდან დივიდენდი 300 000 ლარი, რაც ღიად აქვს მითითებული სარჩელში. ის ხომ ერთ-ერთი აქციონერია! აქვე აღვნიშნავთ, რომ კლინიკა უახლოეს მომავალში არ განიხილავდა დივიდენდის განაწილებას აქციონერებზე, ვინაიდან ჯანდაცვის და რეგულირების მოთხოვნევს ვასრულებთ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული! (გაკეთდა კლინიკის სრული რემონტი სტანდარტების შესაბამისად, განახლდა და შეიცვალა სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი.)
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 190 თანამშრომელი და ქობულეთის მოსახლეობა ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ "ძველმა საავადმყოფომ" ისევ გააგრძელოს ფუნქციონირება“ - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ჩვენ დავუკავშირდით ზაალ მიქელაძეს. ბრალდებების ადრესატი პროცესებში საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავს. ამბობს, რომ სადეპუტატო საქმიანობიდან გამომდინარე, წილი საკუთარ შვილს გადააბარა. მიქელაძე ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების მიერ დაანონსებულ აქციას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

1739131407