დღეს, შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება - პატრიარქი ინფორმაციას ავრცელებს

სანთლები

დღეს, შობის მარხვა დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება, 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

„ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, - ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე...“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს“, - ნათქვამია პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი.

უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.

მეტის ნახვა