რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვითშეფასებას და როგორი უნდა იყოს უკუკავშირი - სპეციალისტების რეკომენდაციები

ადრეული განვითარების პერიოდში ხშირად პატარებს, დაბალი თვითშეფასება უყალიბდებათ. ეს ხშირ შემთხვევაში, მშობლისა თუ მისთვის ურყევი ავტორიტეტის, პედაგოგის დამოკიდებულებით  არის გამოწვეული. სპეციალისტები ამბობენ, რომ დაბალ თვითშეფასებას მუდმივი კრიტიკა და გარშემომყოფების მხრიდან არაადეკვატური მოლოდინები აყალიბებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს, აღზრდის როგორც მკაცრ, ასევე ზედმეტად თავისუფალ სტილს. რა იწვევს ბავშვებში დაბალ თვისეფასებას და როგორი უნდა იყოს უკუკავშირი? თეო ფუტკარაძე გიამბობთ.

თვითშეფასება - ეს არის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს. მისი  ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. გარემო პირობები და ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანები კი, განსაზღვრავენ, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება პატარას საკუთარი თავისა და უნარების მიმართ. სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგის თქმით, ბავშვის დაბალი თვითშეფასება, ძირითადად, არაკომუნიკაბელურობასა და ჩაკეტილობაში გამოიხატება. ნაზი ბერიძის განმარტებით, მსგავსი პრობლემის დროულ იდენტიფიცირებას მყისიერი რეაგირება მოჰყვება, რაც მცირეწლოვანს კომპლექსების დაძლევაში მარტივად ეხმარება. მასწავლებელი მშობლის ინფორმირებულობასა და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე, ჯაჭვური პრინციპით მუშაობაზე აქცენტირდება.

თვითშეფასების პრობლემა ადრეულთან ერთად, გარდატეხის პერიოდშიც დგება - მაშინ, როცა ინდივიდის სხეულის ფორმები იცვლება. იმისთვის, რომ მოზარდებს მდგომარეობა არ დაუმძიმდეთ, მნიშვნელოვანია, ჯანსაღი სოციალური გარემო და მშობლების სწორი დამოკიდებულება. ყოველივე ეს კი, სწორ რჩევებში, ზუსტ ინფორმაციაში, შექებასა და მისი აზრის პატივისცემაში უნდა გამოიხატებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ პატარებისთვის ავტორიტეტულმა ადამიანებმა, მათ ძლიერ მხარეებს ხაზი გაუსვან. ვინაიდან, დაბალი თვვითშეფასება და არასრულფასოვნების განცდა,  ფსიქიკაში მყარად ილექება და მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

ფსიქოლოგების რჩევით, როგორც დაბალი, ასევე გადამეტებული თვითშეფასება, ბავშვებში, აუცილებლად, სწორი უკუკავშირით უნდა დაბრუნდეს. რუსუდან კეჭაყმაძის თქმით, მოზარდს უნდა ჰქონდეს ერთიანობის განცდა, უნდა გრძნობდეს და სჯეროდეს, რომ მხარს უჭერენ და აღიარებენ მის შესაძლებლობებს. რაც შეეხება მიუღებელ ქცევებს, მას გარშემომყოფები ერთხმად უნდა უარყოფდნენ. სპეციალისტის შეფასებით, მშობლებმა შვილები სხვებს არ უნდა შეადარონ. წარმატებული ნაბიჯების შემდეგ კი, უნდა უთხრან, რომ მისით ამაყობენ.

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ მოზარდების პირადი სივრცის არ დარღვევის აუცილებლობაზეც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებს არჩევანის თავისუფლება მისცენ და შეზღუდვებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება კრიტიკას, იგი  მიმართული უნდა იყოს საქციელზე და არა ბავშვის პიროვნულობაზე.

მეტის ნახვა