რა ხდება ბავშვის გულსა და გონებაში, როცა უყვირით და როგორ უნდა გამოასწოროთ სიტუაცია, რომ მოზარდის ფსიქიკაში ამის კვალი არ დარჩეს

ყვირილი

ფოტო: გუგლიდან

ყველა მშობელი ხანდახან მაინც უყვირის შვილებს. ძირითადად ასე იქცევიან არა იმიტომ, რომ ცუდი მშობლები არიან, არამედ იმიტომ, რომ დაღლილები არიან როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და ვეღარ ახერხებენ თავის შეკავებას.

სინამდვილეში, მშობლების ყვირილი სასოწარკვეთილების გამოვლინებაა, საკუთარი პედაგოგიური უმწეობის აღიარება ან მცდელობა, სწრაფად მიაღწიოს ბავშვებისგან სასურველ შედეგს.

დიახ, ყვირილით ხშირად მართლაც ახერხებენ მომენტალური პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ეს მეთოდი ბავშვების ქცევას სამომავლოდ უკეთესობისკენ არ ცვლის. 

თუ ბავშვებს დროდადრო უყვირით, სასოწარკვეთილების, ბრაზისა და დაღლილობის დროს, ამ უბრალოდ იმიტომ, რომ გადაიწვით, ეს ცუდია, მაგრამ დიდი უბედურება არ არის.

ბავშვები, როგორც წესი, გრძნობენ თქვენს მდგომარეობას და უფრო ეცოდებათ ამ დროს დედა ან მამა, ვიდრე ეშინიათ. სხვა საქმეა, თუ ყვირილი თქვენი ბავშვებთან კომუნიკაციის მუდმივი და განუყოფელი ნაწილი გახდა - თქვენ მათ უყვირით მუდმივად, ყოველდღიურად, ნებისმიერი შენიშვნის დროს და აღარ შეგიძლიათ მათთან სხვაგვარად კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში, როგორც თქვენი ასევე ბავშვების ფსიქიკისთვის, დამანგრეველი შედეგები გარდაუვალია.

ყვირილის შედეგები:

1. არსებითად, ყვირილი ასწავლის ბავშვებს, რომ ეშინოდეთ მშობლის და არა იმას, რომ გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები. ბავშვები ძირითადად მშობლების მაგალითით სწავლობენ, რა არის კარგი და რა - ცუდი. ამიტომ, თუ თქვენი მხრიდან გაბრაზება და აგრესია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, ბავშვები ეგუებიან, რომ ეს ნორმალურია. საბოლოოდ ეს უარყოფითად აისახება მათ ქცევაზე.

2. ბავშვები, რომლებსაც მშობლები უყვირიან, ხდებიან აგრესიულები და თავშეუკავებლები.

3. ზოგადად, კონტექსტის მიუხედავად, ყვირილი სიბრაზის გამოხატულებაა. ყვირილი ბავშვებს აშინებს და თავს დაუცველად აგრძნობინებს.

თუ ყვირილს თან ახლავს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი შენიშვნები, ის შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც ემოციური შეურაცხყოფა. ამიტომ, როგორც არ უნდა მოიქცნენ ბავშვები, მნიშვნელოვანია შეეცადოთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ იყვიროთ. ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ გიყვართ და მიიღებთ მათ, მიუხედავად მათი ცუდი ქცევისა.

რა ხდება, როცა ბავშვებს არ უყვირით

1. როდესაც ბავშვები გრძნობენ უპირობო სიყვარულს და უსაფრთხოებას, მათი ემოციური სიახლოვე მშობლებთან იზრდება. შესაბამისად, ნაკლებია სიტუაციები, როცა მათთვის ყვირილი გიწევთ.

2. სიყვარული შიშზე უკეთ მუშაობს. კეთილგანწყობილ პირობებში ბავშვები უკეთ აღიქვამენ იმას, რასაც ეუბნებიან და უფრო დადებითად რეაგირებენ მშობლების სიტყვებზე.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გრძნობთ, რომ ყვირილს ვეღარ შეკავებით.

1. აიღეთ ტაიმაუტი

გაღიზიანებული ხართ, იმედგაცრუებული, აღშფოთება და გაბრაზება ამოხეთქვას ცდილობს. მნიშვნელოვანია დაიჭიროთ მომენტი, სანამ თქვენი რისხვა ბავშვებს დაატყდებათ. მიეცით საკუთარ თავს დამშვიდების საშუალება: გაჩერდით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და განაგრძეთ ბავშვებთან საუბარი მტკიცედ, მშვიდად, ყვირილის გარეშე.

2. აუხსენით ბავშვებს, რას გრძნობთ

ყველა ემოცია, სიხარულიდან და სიამოვნებიდან, მწუხარებამდე და სიბრაზემდე, მნიშვნელოვანია და განხილვის ღირსია. როცა ღიად საუბრობ შენს გრძნობებზე, ეს ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ, რომ მათი გრძნობებიც ნორმალურია და მათში მიუღებელი არაფერია. თუ ნაწყენი ხართ, პირდაპირ თქვით, აუხსენით ბავშვებს, რა გაწუხებთ, რა გეწყინათ მათი ქმედებებით და რატომ. ამით გააცნობიერებენ, რომ დროა შეჩერდნენ.

3. გააგებინეთ მკაფიოდ

ბავშვები ხშირად ცუდად იქცევიან - ასეთია ცხოვრება, ამას ვერ შევცვლით. ასე სწავლობენ და იმეცნებენ სამყაროს. ამიტომ უბრალოდ დაჯექით ისე, რომ ბავშვების თვალების დონეზე იყოთ და მშვიდი, მტკიცე ტონით აუხსენით მათთვის გასაგებ ენაზე, რომ მათი ქცევა მიუღებელია.

4. არანაირი მუქარა

მუქარა, შეურაცხყოფა და ტოტალური დასჯა ცუდი საქციელისთვის ბავშვებში უკმაყოფილებას, ბრაზს, უსამართლობის მიმართ რისხვას იწვევს . მშობლების ეს საქციელი ამცირებს და ვნებს ბავშვებს. ასეთი საგანმანათლებლო პრაქტიკის ნეგატიურმა ფსიქოლოგიურმა კვალმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დააზარალოს. ზრდასრული ბავშვი იფიქრებს: „დედაჩემსაც კი არარაობა ვგონივარ, დანარჩენზე რა ვთქვა“.

ამიტომ, დაიცავით მნიშვნელოვანი წესი: ბავშვისთვის ნებისმიერი უსიამოვნო შედეგი პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ კონკრეტულ არასწორ ქმედებებთან. ეს დაეხმარება პატარა ადამიანს შემდეგ ჯერზე სწორი არჩევანი გააკეთოს.

 

წყარო: mshoblebi.ge

მეტის ნახვა