"SmokeMon" - შექმნეს ჭკვიანი ყელსაბამი, რომელიც მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაეხმარება

NO SMOKING

ჭკვიანი მოწყობილობა, რომელზეც ამჟამად მუშაობენ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მწეველთათვის ნამდვილი ხსნა გახდეს, თუკი ისინი მოწევისთვის თავის დანებებას გადაწყვეტენ.

ყელსაბამი, სახელად SmokeMon-ი, ამჟამად შედგება მარტივი ცისფერი ყუთისგან, რომელშიც სითბოს აღქმის ტექნოლოგია იმალება; დროთა განმავლობაში შეიძლება მისი ზომაც შემცირდეს და მოდურ გულსაბნევად იქცეს, რომელიც თითქმის ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს.

შეუძლებელია, ვინმე მიხვდეს მის დანიშნულებას და როგორც შემქმნელები ამბობენ, ეს ტექნოლოგია შესაბამისობაში იქნება კონფიდენციალურობისა და სტიგმის საშიშროებებთან. ტესტირებაში მონაწილეებისგან უკვე იღებენ დადებით შეფასებებს.

თუ მწეველი ხართ, ალბათ უკვე იცით, რომ ეს ქცევა არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ, არამედ თქვენი გარშემომყოფებისასაც, პოტენციურად მომავალი თაობისასაც.

იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც სიგარეტის მოწევას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე აქვს, ამ ჩვევის მოსაშლელად ახლა მრავალი მეცნიერულად მხარდაჭერილი მეთოდი არსებობს. სპეციალისტები აქტიურად სწავლობენ თავის დანებების მსურველ მწეველთა ქცევებს და შესაბამისად, ხვეწენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რჩევებს.

მეთვალყურე მოწყობილობაზე აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ; მათი მიზანია მწეველებისთვის თავის დანებებაში დამხმარე მოწევის ჩვევების გაცნობიერების გზით.

„მრავალი ადამიანი, ვინც მოწევაზე თავის დანებებას ცდილობს, ამას დღეში 1-2 ღერის მოწევით ცდილობს. ამ გზით შესაძლებელია რაიმეს სწავლა, იმის გაცნობიერებით, რომ მარცხი არ განიცადონ. იმისათვის, რათა მოწევის კვლავ დაწყება თავიდან ავიცილოთ, შეგვიძლია დავიწყოთ მათი ყურადღების გადატანა იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ გამომწვევ ფაქტორებსა და ლტოლვას“, — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარი ნაბილ ალშურაფა.

ამ ახალი ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მოწევის ქცევას უფრო ზუსტად და გონივრულად აფიქსირებს, ვიდრე სხვა პროტოტიპული მოწყობილობები.

ბატარეაზე მომუშავე მოწყობილობა თერმული სენსორებით აფიქსირებს ანთებული სიგარეტის წვერიდან გამოსხივებულ სითბოს და აგროვებს ინფორმაციას ყოველი ღერი სიგარეტის შესახებ. ზომავს ისეთ დეტალებს, როგორიც არის ნაფაზების რაოდენობა, შესუნთქული კვამლის რაოდენობა და დრო ნაფაზებს შორის.

კვლევაში მონაწილეობა ცხრამეტმა ადამიანმა მიიღო; ისინი მოწყობილობას 115 სესიის განმავლობაში ატარებდნენ, როგორც ლაბორატორიაში, ისე რეალურ ცხოვრებაში, რასაც მკვლევრები აქტიურად აკვირდებოდნენ. ლაბორატორიის მიღმა მოწყობილობის ტარების საფუძველზე, მკვლევრებმა განსაზღვრეს, გრძნობდნენ თუ არა მწეველები თავს არაკომფორტულად, როდესაც ყელსაბამს საჯაროდ ატარებდნენ; ასევე აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა მისი შემჩნევისას რაიმე რეაქცია მნახველებს.

მონაცემთა დამუშავებისთვის მკვლევრებმა მანქანური სწავლების ალგორითმი გამოიყენეს და SmokeMon-ის მუშაობა და გამოსადეგობა მოწევის ქცევის მონიტორინგის უკვე არსებულ „ოქროს სტანდარტის“ მოწყობილობისას შეადარეს. ამ მოწყობილობას CReSS pocket ეწოდება, მწველი მის ერთ ბოლოში სიგარეტს დებს, მეორე ბოლოდან კი კვამლს ისუნთქავს.

SmokeMon-ს სიზუსტე CReSS pocket-ის მსგავსი აღმოჩნდა. მონაწილეთა მიერ ექსპერიმენტის შემდეგ შევსებული კითხვარი იმედისმომცემია.

მონაწილეთა უმეტესობა აღწერს, რომ მოწყობილობა ხელს არ უშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ან მოწევაში, არც დისკომფორტზე და პირადულობის დარღვევაზე დარდობდნენ.

„ერთი მეგობარი მეკითხებოდა, რას იწერდა ეს მოწყობილობა, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ის არც ხმას იწერდა და არც ვიდეოს იღებდა, პასუხმა დააკმაყოფილა“, - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, მიღებული შედეგები მიუთითებს მოწევის შეწყვეტისთვის თერმული კამერების გამოყენების მნიშვნელოვან იმედზე, მაგრამ იმასაც შენიშნავენ, რომ საჭიროა მეტი მონაცემი. ასევე არის გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს მოწყობილობის მუშაობაზე ცივ გარემოში ყოფნა.

 

წყარო: პირველი არხი

მეტის ნახვა