ახალი ამბები • 1749795120
5 თვის ორსული, რომელსაც საარსებო წყარო არ აქვს
ხუთი თვის ორსული, რომელსაც საარსებო წყარო არ აქვს. დღეს 35 წლის ლუიზა შავაძეზე უნდა გიამბოთ, ქალზე, რომელიც დედა უნდა გახდეს, თუმცა არ იცის, შვილი როგორ უნდა გაზარდოს. ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი იმედი ერთგული მეზობლები არიან. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, სოციალური დახმარებაც არ ეძლევა.
ამ ავარიულ კედლებში, ორი ქალი ცხოვრობს. 35 წლის ლუიზა შავაძე და მისი დედა. დედა-შვილის ყოველი დღე, გადარჩენისთვის ბრძოლაა. მათ სასურსათო მარაგს ეს ერთჯერადი წვნიანის ულუფები და რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი წარმოადგენს. ისიც მეზობლების და ფონდ „იავნანას“ შემოწირულობაა.
დიდი ხანია ასე, სხვისი დახმარების იმედად ცხოვრობს და მომავალშიც ისევ მეზობლების ეიმედება. ამბობს, რომ უპირველესად სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება, თუმცა დახმარების ხელს აქ არავინ უწვდის. ოჯახი, სოციალური დახმარების მიმღები არ არის. რა და ამ საცხოვრებელში, ვერაფერს იპოვით ისეთს, რის გამოც, 66 ათას სარეიტინგო ქულაზე მეტი შეიძლება დაჯამდეს. ერთადერთი ტექნიკა, რაც ოჯახს მოეპოვება, ელექტროღუმელია, ისიც სხვისი ნაჩუქარი და ტელევიზორი, რომელიც მხოლოდ ბუტაფორიის როლს ასრულებს. ერთ-ერთი უამინდობისას, ჭერიდან, წვიმის წყალი ჩავიდა.
ახალგაზრდა არის, თუმცა შრომისუნარიანი ნაკლებად. მას, ორივე მენჯის მაღალი ამოვარდნილობა აქვს. ამის გამო, დიდხანს ფეხზე დგომა უჭირს. კომფორტულ, მის ჯანმრთელობასთან მორგებულ სამსახურს კი ცხადია ვერ პოულობს. ვერც დედა ეხმარება, მას, ფსიქიკური პრობლემები აქვს. საპენსიო ასაკამდე კი კიდევ სამი წელი უკლია.
ავარიულ სახლს, ხელვაჩაურის მერია არ უმაგრებს, რადგან შენობა მხოლოდ სიძველისგანაა დაზიანებული. გასულ წელს, ძლიერი წვიმისას, მერიამ სახურავის ნაწილის შესაცვლელად მხოლოდ 500 ლარი მისცა. ლუიზა ამბობს, რომ წვიმისას, მშრალი, არცერთი ოთახი რჩება.
ახლა ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშია, როგორც არასდროს. ლუიზა სადაცაა დედა უნდა გახდეს. მეუღლე, ცოტა ხნის წინ ლეიკემიით გარდაეცვალა. ქმრის ოჯახი კიდევ უფრო ხელმოკლეა. როცა დედასთან დაბრუნდა, შუქის ფულიც კი მეზობლებმა გადაუხადეს. მარტოხელა, სიღატაკეში მცხოვრებს, მანუგეშებელიც არავინ ჰყავს.
მომავალი დედა, ათასგვარი ცხოვრებისეული პრობლემის წინაშე მარტოა. უიმედოდ მყოფისთვის, ერთადერთი ხელჩასაჭიდი გულისხმიერი საზოგადოებაა, ვინც შეძლებს გაიზიაროს მისი მძიმე რეალობა და დახმარების ხელი გაუწოდოს.

1749645219

1739131407