ახალი ამბები • 1751358640
აჭარის მუნიციპალური კომპანიების 15 ხელმძღვანელმა ქონებრივი დეკლარაცია დარღვევით შეავსო - TI
აჭარის მუნიციპალური კომპანიების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაცია დარღვევით შეავსეს - საკითხზე კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ექვსი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების დეკლარაციები შეისწავლა.
ირკვევა, რომ ყველა მათგანის დაფინანსება 100,000 ლარს აღემატება. კვლევაში წერია, რომ 27 თანამდებობის პირიდან 15-მა დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო. მათგან, 9-ს არ აქვს დეკლარირებული, რომ თავად ან მისი ოჯახის წევრი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობს, ფლობს წილებს და ხელმძღვანელობს საწარმოს. ექვს თანამდებობის პირს არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება, 4-მა კი, ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ჩამონათვალში მოხვდნენ:
არჩილ კონცელიძე - ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის” დირექტორი;
ლევან ლაზარიაშვილი - შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორი;
ირაკლი არჩაია - ა(ა) „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” დირექტორი;
დავით დიასამიძე - ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების” დირექტორი / ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის” ყოფილი დირექტორი;
ჯუმბერ კობალაძე - ა(ა)იპ “ბათუმის სასაფლაოების” დირექტორი;
მამუკა შამილიშვილი - ა(ა)იპ „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს” დირექტორი;
ვალერიანე კაკულია - შპს „ხელბურთის კლუბი ბათუმის” დირექტორი;
გელა ქობულაძე - შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის” დირექტორი;
დავით ლეკვეიშვილი - შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის” დირექტორი;
სულხან გორჯელაძე - შპს „ქობულეთის წყლის” დირექტორი;
ირაკლი კარანაძე - ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების” დირექტორი;
სიმონ ზაქარაძე - შპს „საფეხბურთო კლუბი მაჭახელას” დირექტორი;
პაატა ზაქარაძე - შპს „ხელვაჩაურის წყლის” დირექტორი;
რაულ ცინცაძე - შპს „ქედის ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის” დირექტორი / შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს” დირექტორი;
სილოვან ბერიძე - შპს „ქედის კომუნალურსერვისის” დირექტორი;
"„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები. კვლევაში მოხვედრილ საჯარო მოხელეები საკითხს არ გამოხმაურებიან.
კვლევა სრულად: https://bit.ly/3MF3Du5

1745312322