ბათუმის საბაგიროთი მგზავრობა საგრძნობლად გაძვირდა - ფასი 30 ლარამდე გაიზარდა

მოახლოებული ტურისტული სეზონი და გაძვირებული ტურისტული ატრაქციები. ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს საბაგიროთი გასეირნებაც გაუძვირეს. იმისთვის, რომ ბათუმის ხედების დათვალიერება შეძლოთ, საბაგიროთი მგზავრობა 30 ლარი დაგიჯდებათ. ატრაქციაზე ერთი მიმართულებით გზის დაფარვა 10 წუთშია შესაძლებელი, ერთი საათის განმავლობაში კი იგი 245 ადამიანს ემსახურება. „არგოს“, ყოველდღიურად, წლის ყველა სეზონზე მგზავრთა ნაკადი უწყვეტ რეჟიმში ჰყავს. არა და, კრიზისის მიზეზით, ბილეთის საფასური მუდმივად იზრდება.

ტურისტულ ქალაქს, ყოველწლიურად, ათი ათასობით დამთვალიერებელი სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობს. პირველი, რაც ვიზიტორებს ქალაქის შემოსასვლელში ხვდებათ, საბაგიროა. ტურისტული ატრაქცია ზღვის დონიდან, დაახლოებით 250 მეტრ სიმაღლეზე ადის, საიდანაც ბათუმის სტუმრებს არაჩვეულებრივი ხედი ეშლებათ. ეს სიამოვნება კი, ერთ ადამიანს დაახლოებით 30 ლარი უჯდება. ტარიფი პირვანდელთან შედარებით, გაათმაგებულია. მოქალაქეები ამბობენ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საბაგიროთი სარგებლობაზე ვერც კი ფიქრობენ.

კულტურულ გასართობი ცენტრი „არგო“ ადგილობრივებსა თუ ვიზიტორებს ბათუმის პანორამულ ხედებტან ერთად, გართობისა და დასვენების სხვა შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ფერიის მთაზე ასულებს  კომპლექსი დაგხვდებათ, რომელიც რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს და სხვა სივრცეებს აერტიანებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აქ არსებული სერვისების ფასები  მხოლოდ ჩამოსულ სტუმრებზეა მორგებული.

რა განაპირობებს ფასების ცვლილებას ყოველწლიურად? ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ატრაქციის მოვლა-შენახვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა,  მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ საბაგიროს ვიზიტორები წლის ოთხივე სეზონზე მრავლად ჰყავს, საბაგიროს ადმინისტრაცია ღირებულების შენარჩუნებას ვერ ახერხებს.

2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, რომლითაც რეგიონში 23 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. თავდაპირველად ფერიის მთიდან დაშვება მსურველთათვის უფასო იყო, ხოლო ბათუმიდან მგზავრობის ფასი 3 ლარს შეადგენდა.

მეტის ნახვა