ინერტული მასალის ამოღება კინტრიშიდან - რას ამბობს ქობულეთის მერი?

ქობულეთის მერი TV 25-ის მიერ, კინტრიშის ხეობაში მიმდინარე ინერტული მასალის ამოღების საკითხზე მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. ლევან ზოიძის განცხადებით, პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს და არანაირ დარღვევას, ბალასტის გადაჭარბებული რაოდენობით გატანასთან დაკავშირებით ადგილი არ აქვს. შეგახსენებთ, სამუშაოები ქობულეთელების მიერ მერზე მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ჩვენი რეპორტაჟიდან გამოვლინდა ის, რომ განცხადება რეალობას აცდენილია. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტის მიხედვით, წიაღისეულის ამოღებას, სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის მოსახლეობა ითხოვს, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ ის, რომ ხელმომწერები რეალურად, ამ სოფლის მცხოვრებლები არ არიან. თემის კომენტირებისას, ლევან ზოიძემ ჩვენს გადამღებ ჯგუფს ხუცუბანში ერთობლივად წასვლა და ფაქტის გადამოწმება შესთავაზა.

შეგახსენებთ, კინტრიშის ხეობიდან ინერტული მასალა, ლიცენზიის გარეშე, კომპანია „მაინინ გრუპს“ 7 თვეა აქტიურად გააქვს, რისი წინააღმდეგია მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუმცა პროტესტს საჯაროდ ვერ გამოხატავენ. გარემოსდამცველები ამბობენ, ჭარბი ნატანის გატანა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ოპოზიცია საქმეში კორუფციულ სქემას ხედავს.

მეტის ნახვა