ახალი ამბები • 1746614340
მდინარიდან ამოღებული მილიონები და ბუნების განადგურების მცდელობა - კინტრიშის ხეობა მოსალოდნელი საფრთხეების პირისპირ
მდინარიდან ამოღებული მილიონები და ბუნების განადგურების მცდელობა. გიყვებით ქობულეთის მუნიციპალიტეტზე, სადაც კინტრიშის ხეობიდან ინერტული მასალა უკვე შვიდი თვეა აქტიურად გააქვთ. საქმეში კომპანია „მაინინ გრუპი“ ფიგურირებს, რომლის მფლობელის, გურამ თამაზაშვილის ძმა, თბილისში პოლიციის მაღალჩინოსანია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სწორედ მისი გავლენებით, ქვეყნის პრემიერი შპს-ს მდინარეებიდან ბალასტის ამოღების ნებართვას ლიცენზიის გარეშე აძლევს. ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში მცხოვრებლებმა ეს კარგად იციან, რის გამოც პრობლემაზე საჯაროდ საუბარს გაურბიან. მოსალოდნელ საფრთხეებსა და კატასტროფულ შედეგებზე აქცენტირდებიან გარემოს დამცველები. ქობულეთის მერი კი, რომელმაც ბუნების განადგურების პროცესს მწვანე აუნთო, დუმს. პასუხი არც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გაგვცეს.
კინტრიშის სანაპიროზე, სპეცტექნიკამ მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტერიტორიაზე TV25-ის კამერა გამოჩნდა. არადა, ტრაქტორები, სატვირთოები და მძიმე ტექნიკა აქ თითქმის 7 თვეა, გაუჩერებლად მუშაობს. შედეგად, კინტრიშს კალაპოტი უცვალეს. სამუშაოების დაწყებამდე მდინარე ამ გზაზე მიედინებოდა.
კინტრიშის კალაპოტიდან ინერტულ მასალას კომპანია „მაინინ გრუპი“იღებს. სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ შპს-ს წარმომადგენელი ჩვენთან თავად გამოცხადდა. გვითხრა, რომ საფრთხის შემცველი არაფერია და სამომავლოდ, არანაირი რისკიც არ არსებობს. ივერი გუგუნავას თქმით, ქობულეთის მერიას ინერტული მასალების ამოღების მოთხოვნით, თავად მოსახლეობამ მიმართა და კალაპოტის გასწორხაზოვნება მოითხოვა.
მოქალაქეების მიმართვა ქობულეთის მერის სახელზე მართლაც არსებობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინერტული მასალის ამოღებას, ორი სოფლის - ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის მოსახლეობა ითხოვს. დოკუმენტს ხელს, 35 პირი აწერს. ცნობისთვის, ორ სოფელში, ჯამში, 4 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
ის, რასაც ხელს 35 მოქალაქე აწერს და ცენტრალური ხელისუფლება ჭარბი აკუმულაციური უბნების გაწმენდას ეძახის, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბუნების დასახიჩრებაა, თუმცა ამაზე ღიად საუბარს, თითქმის ყველა გაურბის. ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის დუმილს, ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი იმით ხსნის, რომ სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მფლობელი, აქაურია. იციან, რომ დირექტორი გურამ თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილის ძმაა. ის, ვინც კამერას არ დაემალა, რისკებზეც ღიად მოგვიყვა. ამბობენ, რომ კალაპოტშეცვლილი მდინარე ბუნებისთვის ნაღმია. მოქალაქეთა ნაწილი იმასაც გვეუბნება, რომ ტერიტორიიდან იმაზე გაცილებით მეტი ბალასტი გააქვთ, რაც ნებართვითაა დაშვებული.
ინერტული მასალის ამოღებას ზიანი მხოლოდ მდინარისთვის არ მოაქვს. ეს სოფლის გზებია. მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად, მონაკვეთები ავარიულ მდგომარეობაშია. დღის განმავლობაში აქ ათობით მძიმე ტექნიკა გადაადგილდება.
კომპანია „მაინინ გრუპს“ 92 ათასი კუბი ბალასტის ამოღებაზე 7 თვიანი ნებართვა ლიცენზიის გარეშე მიეცა. შპს მოპოვებული წიაღისეულის ნაწილს ყიდის, 1000 კუბს კი სახელმწიფოს ჩუქნის. აკონტროლებს თუ არა ინერტული მასალის მოპოვებას ქობულეთის მერი, რომელმაც მდინარეზე ხელოვნური ჩარევის პროცესებს მწვანე აუნთო? ან რამდენად სწორად მიმდინარეობს პროცესი და აზიანებს თუ არა ის კინტრიშის ხეობას? ლევან ზოიძე დუმს. ხელმძღვანელ პირს სათქმელი არც იმასთან დაკავშირებით აღმოაჩნდა, რატომ არ მოდის თანხვედრაში მოსახლეობის მოთხოვნა მათ საცხოვრებელ ადგილთან.
სამუშაოებს კორუფციულ სქემებს უკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ბონდო თედორაძე ამტკიცებს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს, რასაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ლევან ზოიძე აწერენ.
მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს გარემოს დამცველიც. კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ მდინარიდან დაშვებულზე მეტი რაოდენობით ბალასტის ამოღება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ბუნებას და კატასტროფულ შედეგებს მოვიმკით.
„მაინინ გრუპმა“ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დაასრულოს. კომპანია ვალდებულია ბალასტის ამოღების შედეგად დაზიანებული გზები შეაკეთოს.

1739131407