ახალი ამბები • 1756410394
ელენე ხოშტარიას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს. ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალდება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე აქვს წარდგენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

1756113571