პლაჟებს ვკარგავთ - საქართველოში ზღვის დონე 20 სანტიმეტრით არის მომატებული...

სს

სს

„კლიმატის ცვლილების ფონზე, 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენთან ზღვის დონე დაახლოებით 20 სანტიმეტრით არის მომატებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პლაჟებს ვკარგავთ, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

"საერთოდ, ზღვის დონის ამაღლება ბათუმისთვის კიდევ უფრო პრობლემატურია, რადგან იქ ნებისმიერი წვიმის ან შტორმის დროს ქალაქი იტბორება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ასეთი დატბორვებისას ჩამოდენილ ნაკადს დამატებით ზღვის წყალიც უერთდება. ოღონდ, ხაზს გავუსვამ, რომ ამაზე პროფესიონალური კვლევა არავის ჩაუტარებია და მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ლოგიკური და საფუძვლიანი.

ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის განაშენიანება იმდენად ინტენსიურად მიდის, გამწმენდი ნაგებობების ნაწილი საკანალიზაციო სისტემას საერთოდაც ვერ უერთდება, რაც იწვევს ამ მასების პატარა მდინარეებსა და შემდეგ ზღვაში ჩადინებას.

ზოგადად, ეს კონკრეტული პრობლემა მხოლოდ ბათუმში არაა, თითქმის მთელ საქართველოში ასე ხდება. რეალობა ასეთია - გვგონია, რომ საკანალიზაციო სისტემა გვაქვს და ის თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მთელი ეს მასები სხვადასხვა მდინარეებსა თუ ზღვაში ჩაედინება. ვიმეორებ, ეს მთელ საქართველოში ასეა“, - განაცხადა ჩხობაძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“.

მეტის ნახვა