ახალი ამბები • 1756410394
მაკა ჩიჩუა: სულ მქონდა კითხვა - ეს ხალხი საჯარო სამსახურში რომ მიდის და მერე მილიონებს ითვლიან, ჩვენთან ასე რატომ არ მოხდა-მეთქი? - "კვირის პალიტრა" ინტერვიუს ავრცელებს.
ტვ25
"კვირის პალიტრა" მაკა ჩიჩუასთან ინტერვიუს ავრცელებს:
"ქალბატონო მაკა, ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ თვით ქვეყნის ორგზის პრემიერზე აღიძრა საქმე, მილიონობით უკანონო შემოსავალთან დაკავშირებით. ხომ არ ყოფილა კითხვის ნიშნები თქვენს ოჯახთან მიმართებაშიც?
- ჯერ არ მახსენდება, ვინმეს კითხვები ჰქონოდა, მაგრამ ახლა თუ ექნებათ, ჯობია მოვიდნენ და შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ. კითხვის ნიშნებს იქვე, სასწრაფოდ დაამთავრებენ. ყველას ემჩნევა გარეგნულადაც, ვინ როგორ ცხოვრობს. დუშეთში ეზოს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ.
- ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და პირველი ლედი...
- ნუ როგორც არის... რომ ვუყურებ, ევროპაში როგორც არის, პატარა, დაბალი ღობეები აქვთ, უბრალოდ ის ტერიტორიაა შემოსაზღვრული, იცოდნენ, ერთმანეთთან რა ზოლიც აცილებთ, ასე ვართ ჩვენც იმ დღიდან, რაც კი დუშეთში გადმოვედით. ღამე კარს არც კი ვკეტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფეხის მორტყმა უნდა და ვისაც შემოსვლა სურს, თავისუფლად შემოვა.
სულ მქონდა კითხვა: ეს ხალხი საჯარო სამსახურში რომ მიდის და მერე მილიონებს ითვლიან, ჩვენთან ასე რატომ არ მოხდა-მეთქი?...
საერთოდ, ცხოვრებაში არ მქონია იმის მოთხოვნილება, ძალიან ბევრი ფული მქონოდა, რადგან ვთვლი, რომ ფული მამონასი, ეშმაკისეულია. მსურდა მხოლოდ იმდენი, რაც ელემენტარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო. ბავშვები დაპურებული გყავდეს, განათლება მისცე, სახლი მოწესრიგებული, ხანდახან ცოტა მოაგროვო, სამოგზაუროდ და დასასვენებლად წახვიდე... რამდენიმე თვეა დამხმარეც აღარ გვყავს, ამხელა სახლში ორ ბავშვთან ერთად ყველა საქმეს თავად ვაკეთებთ, თან ვირუსი შეგვხვდა და ყველანი ავად ვიყავით. ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრან ახალი?! ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში რომ უზარმაზარ გალავნებს იშენებენ, არიან შიშებში და ეჭვიანობაში, ათას უბედურებებში...
- როგორი ურთიერთობა გქონდათ ოჯახებს, როცა ხელისუფლებაში ერთდროულად იყავით?
- ესენი ხომ ერთმანეთზე სულ კომპრომატებს აგროვებენ და როცა ხედავენ, შენ მაგათთან არაფერი გესაქმება, მერე ბრაზობენ. იქიდან სულ ბრაზი იყო, გიორგი არასოდეს ყოფილა გაბრაზებული. ერთადერთი ჩემთვისაც მიუღებელია, რომ ვხედავ, ადამიანი საჯარო სამსახურში ქვეყანას რომ ემსახუროს, ამის ნაცვლად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
- ეს მაშინაც იგრძნობოდა?
- ასეთი რამეები აუცილებლად იგრძნობა. ყველამ ვიცოდით თუნდაც მის ძალიან ძვირადღირებულ საათებზე და საიდან იყო ეს? საათები კი არა, მანქანა ძლივს გამოვცვალე, ბავშვები რომ ვატარო. ცოტა მე მოვაგროვე, დანარჩენი ჩემი უფროსი შვილი დამეხმარა. გიორგის საერთოდ არ ჰყავს, გაფუჭებულია მისი მანქანა, მოტორს ელოდება...
ზოგადად, ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი, რადგან ასეთი ხელისუფლებაა, რომელმაც არ მოინდომა ამ ქვეყანას ოდესმე საშველი დაადგეს, ფეხზე დადგეს.
კარგი, რამდენიმე სახლი იყიდე, ტყე შეიძინე, ნაკვეთები და კიდევ მეტი რაღა ჯანდაბად გინდა?!
- ქალბატონებიც არ მეგობრობდით?
- რომ გვემეგობრა, რაზე უნდა გვესაუბრა, საათებზე თუ ევროპაში შოპინგზე? ადამიანთან რომ მეგობრობ, ირჩევ იმ ღირებულებების მიხედვით, რაც შენ გაინტერესებს, თორემ ზედაპირული ურთიერთობა ყველასთან შეიძლება...
- თქვენ მიმართ ისმის პრეტენზია, რომ ბინა რუსებზე გაქვთ გაქირავებული...
- ერთი კოტეჯი გვაქვს, რომელიც სტუმრებისთვის ავაშენეთ. ამ სახლში პატარა ბავშვები იყვნენ და სტუმრები თავისუფლად ვერ იქნებოდნენ. ღიად გვიდევს განცხადება, რომ ვინც პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს, ნუ შემოგვეხმიანება... აქ ხალხი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოდის და ისიც კი არ იციან, სად მოდიან. უცებ რომ აღმოაჩენენ, პრეზიდენტთან არიან სტუმრად, მერე უნდა ნახოთ, რაც ხდება. მაგას რატომ მივუთითებ და ვივაჭრებ, რომ გიორგი ოდესღაც პრეზიდენტი იყო?!
ყველა რაღაცას აქირავებს, აბა, დოვლათი ამ ქვეყანაში არ იქმნება. რაღაც დამატებითი შემოსავალი ამ კოტეჯით გვაქვს. გვყავს ცხენები და ვინც კოტეჯში მოდის, თუ სურთ, ცხენით ტყეში გადიან. ძალიან ყოჩაღი ინსტრუქტორი გვყავს, რომელიც ჩემპიონია და ცხენით ხალხს გიდობას უწევს. ეს არის ჩვენი პატარა, სოფლური ბიზნესი.
საწყალი, გამოქცეული რუსებიც მოდიან. ახლაც იყვნენ ბიჭები, რომლებიც ამბობდნენ, ოჯახები, ნათესავები დავტოვეთ, იმდენად დათრგუნულები ვიყავით, გამოვრბოდით, სადმე თავი შეგვეფარებინაო. რა ბედნიერებაა, თქვენ რომ ჯერ ასეთ მდგომარეობაში არ ხართო... აქედანაც მალე გახდებით გასაქცევები-მეთქი, ასე „ვამშვიდებდი“... რუსებიც ისე არიან ყველანაირები, როგორც ქართველები!
აგერ ჩვენთან არ არიან კორუმპირებულები?! ესენი რომ გავლენ ქვეყნიდან და მეც, ერთნაირი წარმოდგენის უნდა იყვნენ ჩვენზე სხვა ქვეყანაში? ჩემზეც იგივე უნდა თქვან, რაც ვიღაც გათახსირებულ, კორუმპირებულ, ქურდ და გარყვნილ ადამიანზე? ამიტომაც, რუსებშიც შეიძლება კარგი ადამიანები იყვნენ. უნგრელებშიც შეიძლება კარგი ადამიანებიც იყვნენ და ორბანი ჰყავდეთ ხელისუფლებაში.
ჩვენი ქვეყანა სულ იბრძოდა, ისწრაფოდა ცივილიზებული სამყაროსკენ. ისტორიიდან სულ გვახსოვს აჯანყებები და ასე ნებაყოფლობით რომ მონა ხდები, ოღონდაც ხელისუფლებაში კიდევ ცოტა ხანს იყო და კიდევ ერთი ოქროს ზოდი მიიმატო, წარმოუდგენელი სიბინძურეა. ადამიანმა თუ ღირსება დაარგა, რაღა აზრი აქვს რამეს?! ღმერთმა თავისუფალი არჩევანი მოგვცა, შენ როგორი პიროვნებაც გინდა ჩამოყალიბდე, ისეთი იქნები. თუ არჩევანი გაქვს, თავი გაყიდო, სული ეშმაკს მიყიდო რაღაც საათისთვის, გასაგებია ვინც ხარ და გავიგეთ! მე ნუ გამქურდავ, ჩემს მოხუც მეზობელს უკანასკნელ ლუკმას ნუ წაართმევ, ბავშვებს ნუ გაძარცვავ, რომლებიც ქუჩაში არიან და სკოლამდეც ვერ მიდიან. საბავშვო ბაღებს ნუ გადააქცევ შენს პირად საწყობად. ნუ გაქურდავ შენს ქვეყანას, პირიქით დოვლათი ჩადე, შენმა შვილმა რომ იამაყოს, მამამ თავის წილი აგური დადო ქვეყნის ასაშენებლადო. ევროპა ამიტომ გვინდა, ის ღირებულებითი სისტემა. თავად ხომ იქ მირბიან ყველაფრისთვის!
ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი გავიღეთ თავისუფლებისთვის სისხლით, ოფლით, შრომით, თავგანწირვით, ცივილური მსოფლიოს ნაწილი რომ გავმხდარიყავით. იმის რესურსი გვაქვს, ეს პატარა, ერთი ციდა საქართველო ვიყოთ კიდეც ცივილური მსოფლიოს ნაწილი. საზღვარგარეთ უმაღლესი დონის ვიზიტები რომ გვქონდა, ცალკე ხომ გავდიოდი, როგორც პირველი ლედი და ყველას ვეუბნებოდი, ქვეყანას, რომელიც რუკაზე არც ჩანს, მთელ მსოფლიოში საოცრად წარმატებული ადამიანები გვყავს-მეთქი. მართლაც, კულტურაში და შემოქმედებით ნაწილში ძალიან გამორჩეული ხალხი გვყავს. ლანდშაფტურადაც ასე - მთაც გვაქვს, ზღვაც და უდაბნოც...
რამდენი ხელისუფლებაც მოვიდა და გვპირდებოდა, ჩვენ ავაშენებთო, ყველამ თავის ვიწრო ინტერესებზე ფიქრი დაიწყო. მართლა რომ შეგვიძლია, არ დავხარბდეთ, არ გავიყიდოთ! მე თვიდან თვემდე რა შემოსავალი მაქვს, არც ვიცი. თავად ვერ ვმუშაობ, ხატვისთვისაც ვეღარ ვიცლი, რადგან ორი შვილი, სახლი, კარი ყველაფერი მისახედია. ძალიან დავიღალე და კიდევ ჩემთან რა პრეტენზია შეიძლება ვინმეს ჰქონდეს?! მაშინ იყო და ხელფასზე ვცხოვრობდით, რადგან საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება, სხვა საქმეები აწარმოოს და მილიონები აკეთოს. არ მესმის, რა სიგიჟეა, მაშინ წადი ბიზნესში, პოლიტიკაში რაღა გინდა?! შოკში ჩავვარდი რომ გავიგე პარლამენტარების ხელფასის შესახებ. თან გამოვლენ და ამაყად ამბობენ, პენსიონერებს ოცი ლარი მოვუმატეთო. ვინმემ ამიხსნას, რატომ აქვთ 15 ათასი ლარი ხელფასი, რა გაუკეთებიათ?! ეს არის უსამართლობის პიკი! ექიმებს, ლექტორებს რაღაც თეთრები და პარლამენტარებს ათასები.
სანამ ასეთი უსამართლობა იქნება, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება! მე არ ვიცი, მერე რა ხელისუფლება მოვა, მაგრამ ამ თავგასულობას წერტილი უნდა დაესვას! იმ ხელისუფლებას წერტილი დავუსვით, რადგან ბოლო დროს ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ და ახლაც ასეა!"
1756113571



















