მართვის მოწმობის მიღება რთულდება - როგორ აფასებენ ცვლილებებს?

კიდევ ერთი სიახლე მართვის მოწმობის მიღების მსურველთათვის - პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე, გამოსაცდელი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა შეამოწმოს. მოთხოვნის შესაბამისად, მძღოლობის კანდიდატს კითხვებს გამომცდელი დაუსვამს. მოპასუხე ვალდებული იქნება, პასუხები ზეპირად, ვიზუალური ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით გასცეს. როგორ აფასებენ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს?

მართვის მოწმობის მიღების მსურველს, ვიდრე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებისთვის ქუჩაში გაუშვებენ, შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი გადაწყვეტილებით, ვალდებული იქნება ავტომანქანის ტექნიკური გამართულობა შეამოწმოს. ავტოსკოლის ხელმძღვანელების შეფასებით, შეცდომაა, როცა ამბობენ, რომ გამოცდა რთულდება.

გამომცდელი მართვის მოწმობის მიღების მსურველს ორ დავალებას მისცემს. რა შეიძლება იყოს ეს? ნუსხა ისევ მინისტრის ბრძანებაშია მოცემული. მაგალითად, B კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე მძღოლობის კანდიდატს მოუწევს განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა. გამოსაცდელმა ეს ვიზუალურად უნდა აჩვენოს, ან უპასუხოს, როგორ მოწმდება მუშა თუ სადგომი მუხრუჭების გამართულობა, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა და სხვა. ინსტრუქტორების თქმით, სიახლე, პირველ რიგში, უსაფრთხო გადაადგილებისთვისაა აუცილებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძანების ამოქმედების ვადა შეიცვალა და ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო 1 სექტემბრიდან იქნება, ავტოსკოლების ნაწილს, შესაბამისი სწავლება უკვე დაწყებული აქვს. მოსწავლეები ამბობენ, რომ თავიდან შესასწავლი მასალა ბევრად მოცულობითი და რთული ეგონათ, თუმცა ახლა მისი ცოდნის აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარებათ.

იმის გათვალისწინებით, თუ რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის მიღება გსურთ, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შესაფასებლად, დავალებები სხვადასხვაგვარია.

მეტის ნახვა