ახალი ამბები • 1751633470
ვინ მალავს ქონებას? | TI-ს კრიტიკული კვლევა სანქცირებულ სულხან თამაზაშვილზე

“სანქცირებული სულხან თამაზაშვილის უკანონო მშენებლობა და არადეკლარირებული ქონება" - კრიტიკულ კვლევას ამ სახელწოდებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. TI წერს, რომ ბრიტანეთის მიერ, პროევროპული აქციების დაშლის გამო სანქცირებულმა თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა, ქობულეთში, სოფელ ქვედა სამებაში უკანონოდ მიითვისეს მიწის ნაკვეთი, უკანონოდ აიშენეს სახლი და მშენებლობის ხარჯები დეკლარაციაში დამალეს.
"აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #3) და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.
სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა.
სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი - 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა. როგორც Google Earth-ის ფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.
თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში, ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე - 2,498 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%. სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა განახორციელა უკანონო მშენებლობა."- წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".
"თამაზაშვილების ოჯახის დაახლოებით 5 თაობა ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, რაც აჭარის რეგიონში ფართოდ არის ცნობილი. სახლი არ მდებარეობს არარეგისტრირებულ მიწაზე, ის სრულად რეგისტრირებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. სახლის მშენებლობა დაახლოებით 1990-იან წლებში დაიწყო. ამჟამად მამის საკუთრებაშია, ხოლო მის სამ შვილს თითოეული, 25 %-იანი წილი ეკუთვნის,” –გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

1751012220

1745312322