მერიის წინ მდებარე კორპუსი, რომელზეც მერია არ რეაგირებს

მერიის წინ მდებარე ავარიული კორპუსი, სადაც რამდენიმე ოჯახი კვლავ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში რჩება. ბათუმში, მარჯანიშვილის 2 ნომერში  8 ოჯახიდან, მხოლოდ 4 ცხოვრობს,  თუმცა ყოველდღიური ტრაგედიის მოლოდინში. დაბზარულია შენობა, დეფორმირებულია კედლები, დაზიანებულია კიბე, ავარიულ მდგომარეობაშია ერთადერთი თაღიც, რომლითაც იქ მცხოვრებლები ეზოში შედიან. „მაცნემ“ ავარიული სახლის შესახებ რეპორტაჟი 5 თვის წინ მოამზადა, თუმცა რეალობა დღემდე არ შეცვლილა. ადგილობრივების  მტკიცებით, 2015 წელს,  ამხანაგობა „ჩვენი ეზო 2007“-მა მარჯანიშვილის 4 ნომერში მდებარე შენობის დემონტაჟი მოახდინა და მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად 2 ნომერში მდებარე სახლი დააზიანა. აქვთ ექსპერტიზის დასკვნაც. როგორც ადგილობრივები ეჭვობენ,  საქმეში ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ თავდგირიძე ფიგურირებს. დავა სასამართლოში თითქმის 10 წელია მიმდინარეობს. მოსახლეობა დახმარებას წლებია ითხოვს, თუმცა ფაქტია, რომ მერია პრობლემაზე არ რეაგირებს. რატომ არ შეჰყავს თვითმმართველობას კორპუსი ავარიული სახლების პროგრამაში მოსახლეობის მიმართვის მიუხედავად? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სატელევიზიო კომენტარის გაკეთება უწყებამ არც დღეს ჩათვალა საჭიროდ. 

მეტის ნახვა