ნამგალი, ურო, ვარსკვლავი - საბჭოთა სიმბოლიკები ბათუმის ქუჩებში

ნამგალი, ურო, ვარსკვლავი - საბჭოთა სიმბოლიკების ასახვა კომუნისტურ პერიოდში ყველა შენობასა და სახელმწიფო დაწესებულებაზე აუცილებელი იყო. რეჟიმის დაშლის შემდეგ მრავალი ათეული წელი გავიდა, თუმცა მსგავს ნიშნებს ნაგებობების ფასადებზე დღემდე იპოვით. რამდენად მიზანშეწოლილია ევროპისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ქვეყნის ინფრასტრუქტურაში საბჭოური სიმბოლიკების არსებობა?

ნამგალი, ურო  და ვარსკვლავი - ეს  სიმბოლიკები, იმ რეჟიმის, გადმონაშთია, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მარტივი გაგებით, მშრომელი მასების ერთობას განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ  საბჭოთა კავშირი  უკვე  31  წელია დაიშალა, ბათუმში,  შენობებზე, დღემდეა შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკები. მაშინ, როცა საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიიწევს და ცდილობს, პროდასავლურ ქვეყნებს შეუერთდეს, აღნიშნული ნიშნები ფასადებზე ისევ რჩება. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ეს საბჭოთა მმართველობის მიმართ არსებულ სენტიმენტებზე მიუთითებს. ნუგზარ ხოზრევანიძის თქმით, ბათუმის მერიაში არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოცემულობა არ შეცვლილა, რის გამოც მიაჩნია, რომ ხელისუფლებაც ამ იდეოლოგიის მომხრეა.

ფასადებიდან სიმბოლიკების გაქრობის აუცილებლობაზე საუბრობენ ისტორიკოსებიც. ოთარ გოგოლიშვილის თქმით, საბჭოთა ეპოქის განუყოფელი ნიშნების გაქრობა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.  ეს ნიშნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ,  გოგოლიშვილი  ამბობს, რომ უაზრო და არაფრის მომცემი ნოსტალგიები დამოუკიდებელი საქართველოს დამახასიათებელი ნიმუშებით უნდა ჩანაცვლდეს. მაგალითად,  როგორიცაა გერბი, დროშა,  ეროვნული გმირებისა თუ მეფეების პორტრეტები.

ჩვენი რესპონდენტების ნაწილს კი  მიაჩია, რომ იმ შენობებს, რომლებსაც აღნიშნული სიმბოლიკები აქვს გამოსახული, კულტურული დატვირთვა აქვს.  ქალაქის შემოსასვლელში არსებული, სოციალისტური მოძრაობის ძეგლი,  იმ რეალობას ასახავს, რომელიც საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. გიორგი მასალკინის თქმით,  უნდა  გაკეთდეს  შესაბამისი წარწერები, თუ რატომ არსებობს ეს ინფრასტრუქტურა და მას, მხოლოდ, ისტორიული დატვირთვა უნდა ჰქონდეს.

გენრი დოლიძე მიიჩნევს, რომ სოციალისტურ ეპოქას, შენობებისა და ემბლემების განადგურებით კი არა,  ცივილური აზროვნებით უნდა ვებრძოლოთ. მისი თქმით, სიმბოლიკებმა უნდა იარსებოს იმისთვის, რომ  ხალხს კარგად ახსოვდეს ის სისასტიკე, რაც იმ დროს,  ქვეყანამ განიცადა.  სამოქალაქო აქტივისტი ცივილიზებულ სამყაროსთან ავლებს პარალელს და ამბობს, რომ  ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის სიმბოლო,  არცერთ ქვეყანაში დაუნგრევიათ და იგი მუზეუმებად აქციეს.

ქალაქში  სადაც,  დავით აღმაშენებლის, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე ძეგლები არაა, პარკებსა და სკვერებში  დღემდე შეხვდებით, სოცრეალისტურ ნიმუშებსა და ქანდაკებებს. არადა, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2011 წელს მიღებულ „თავისუფლების ქარტიას“, თავის მხრივ, უნდა უზრუნველეყო საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლოების აღება, თუმცა,  11 წლის შემდეგ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.

მეტის ნახვა