"ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ,  დაიშალა საერთოდ აქცია" | გრიგოლ ბესელია

მზია ამაღლობელი

ფოტო: ბათუმელები

"ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ,  დაიშალა საერთოდ აქცია" - ასე აღწერა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა. 

"დარტყმის სიძლიერეზეც ვსაუბრობ და თვითონ ფაქტზეც. ადგე და პოლიციის ხელმძღვანელს ხელი გაარტყა, ასე არ ხდება რა. მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელს თავს რომ ესხმი და შეურაცხყოფას აყენებ, ეს არ არის მიღებული ფორმა არცერთ ქვეყანაში" - თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე. როგორც დგებუაძემ გამოკითხვისას აღნიშნა, მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის მიმართ აგრესიული იყო, რაც გაუკვირდა, რადგან პოლიციელები, განსაკუთრებით აჭარაში, ქალებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ არიან მიჩვეულები.

"ვარ ერთ მეტრში, ან ორ მეტრში მაქსიმუმ, ძაან ახლოს ვართ იმიტომ, რომ უკვე მივუახლოვდი ქალბატონ მზიას და დგებუაძეს საუბარს, საუბარიც მესმის და ჩვეულებრივად აღვიქვამ ყველაფერს. აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმიტომ, რომ არ ვართ მიჩვეულები პოლიციელები ქალებისგან, თან მითუმეტეს აჭარაში, ქალებისგან ასეთ აგრესიას, დამოკიდებულებას...

საუბარი რაც არის, კითხვა-პასუხი, კითხვა-პასუხი, მერე დგებუაძე ბრუნდება, ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება. ეგ იყო და ეგ..." - განაცხადა ბესელიამ.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს გრიგოლ ბესელიამ უარყო, რომ დგებუაძე აგრესიულად იქცეოდა ჟურნალისტის მიმართ და შეურაცხყოფას აყენებდა მას. 

"არ არის ეს ბიჭი [ირაკლი დგებუაძე] ისეთი ადამიანი, რომელიც ქალბატონების მიმართ, დაკავებულების მიმართ აგრესიულობაში იყოს შემჩნეული " - თქვა ბესელიამ. 

ბესელიას თქმით, მზია ამაღლობელის მიერ სახეში ხელის დარტყმის შემდეგ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე ნახა და მას რამე ვიზუალური დაზიანება არ აღენიშნებოდა. „ჩემთვის აღქმადი [დაზიანება] არის სისხლდენა, რაღაც ეგეთი დაზიანება არ მინახავს. სიწითლე ჰქონდა/არ ჰქონდა [ირაკლი დგებუაძეს], არ მიმიქცევია ყურადღება, არც შემიხედავს, არ დავკვირვებივარ“, — განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტის ნახვა