ქვეითებისთვის ჯარიმები იზრდება, ე.წ დრიფტისთვის პასუხისმგებლობა წესდება

დრიფტი

ქვეითებისთვის ჯარიმები იზრდება - წესდება პასუხისმგებლობა ე.წ. დრიფტისთვისაც. ერთპარტიულმა პარლამენტმა  პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი. ამასთან, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა. გარდა ამისა, დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. ასევე,  აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.

კოდექსს ახალი სამართალდარღვევებიც ემატება. კერძოდ, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დაისჯება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ცვლილების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

იზრდება ფულადი სანქცია ქვეითის მიერ საგზაო წესების დარღვევისთვის ან/და საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული ქმედება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ეს თანხა 100 ლარამდე გაიზრდება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

მეტის ნახვა