ახალი ამბები • 1728566105
რუსი მოხალისე უკრაინელთა დასახმარებლად - სლავა ფელდეს პორტრეტი მაცნეს ობიექტივში
მოხალისე რუსეთიდან. სლავა ფელდე უკრაინის დასახმარებლად სხვადასხვა აქტივობაში, უკვე თვეზე მეტია ჩართულია. როცა რუსეთმა მეზობელთან ომი გააჩაღა, მოგზაური, საქართველოს საზღვარს სწორედ მაშინ მოადგა და წასვლაც არსად უცდია. ამბობს, რომ ეს უბრალო არჩევანი არ ყოფილა და თვლის, რომ მუშაობა ახლა მისი პირდაპირი მოვალეობაა. ემიჯნება სახელმწიფოს და ყველა იმ თანამოქალაქეს რომლებიც პუტინის ომს არ აპროტესტებენ.
რუსეთის მოქალაქე, სლავა ფელდე ბათუმში, 24 თებერვლიდან ცხოვრობს. წასვლას ჯერ არსად ფიქრობს, რადგან თვლის, რომ სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა იყოს. 55 წლის მოგზაური, სარფის საზღვარს სწორედ მაშინ მოადგა, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. გზის გაგრძელება არც კი უფიქრია. დარჩა და ყოველ დილით ეკლესიაში მისვლა ცხოვრების წესად ექცა. ამბობს, რომ ღმერთი ახლა ყველას ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
სლავა ემიჯნება ძალიან ბევრის პოზიციას, მათ შორის საქართველოში, რომ ომი შორს არის და მას არ ეხება. მან ამ ომს საკუთარი სახელიც დაარქვა - ბოროტებისა და სიკეთის ომი. ამიტომაც, თავს მოვალედ თვლის, მიიღოს მონაწილეობა პროცესში, რომელმაც უნდა შეაჩეროს ეს სისხლისღვრა. ამბობს, რომ არავინ იცის, ერთ ადგილზე დაწყებული ომი სად შეიძლება დასრულდეს, სწორედ ამიტომ თვლის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში, დედამიწაზე, ყველა მშვიდობისმსურველის ომია.
ცოდვის ეშინია და პასუხისმგებლობაც კარგად აქვს გააზრებული, ამიტომ, ეკლესიიდან გზა ლელოს პარტიულ ოფისამდე გრძელდება. აქ მისი სამუშაო დღე იწყება. პროფესიით ექიმი და მოყვარული მოგზაური რამდენიმე კვირაა, რაც მოხალისედ ჩაეწერა. ჰუმანიტარულ დახმარებას აფასოებს, ალაგებს, ტვირთავს. არაფერს თაკილობს და ბედნიერია, რომ ეს მისი არჩევანია.
ჯერ ევროპის მოედანი და საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყო. ლელოს მოხალისეთა გუნდს აქედან, დამოუკიდებლად მიაკითხა. საკუთარი არჩევანით, სამსახურში ყოველდღე გერმანული სიზუსტით დადის.
გეგმის ნაწილი არ იყო, თუმცა მოულოდნელად, ამჯერად მისი მოგზაურობა ბათუმში დასრულდა, უფრო სწორად კი დაასრულა და ამ არჩევანის ეამაყება კიდეც. იცის, რომ სამშობლოში დიდხანს ვერ დაბრუნდება, მას უბრალოდ აღარ შეუშვებენ თუმცა ბედნიერია, რომ შიშზე გამარჯვება კიდევ ერთხელ შეძლო.
1728068947
1726854943
1726726009