ახალი ამბები • 1769693544
საპროტესტო აქციების ტალღა კვირის ბოლოს დაიწყება
აჭარა ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება. კვირის ბოლოსთვის, რეგიონში, 3 სხვადასხვა შინაარსის აქციაა დაგეგმილი. მთავრობის სახლის წინ, განსხვავებული პრობლემების მქონე მოქალაქეები აპირებენ შეკრებას. ქუჩაში გამოსვლას უსახლკარო და სოციალურად დაუცველი პირები აანონსებენ. პროტესტის ამ ფორმას მეწყერსაშიშ ზონასა და ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებიც მიმართავენ. დაგეგმილია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მასშტაბური აქციაც.
უსახლკაროები, მეწყერ საშიშ ზონაში მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველები - ეს იმ მოქალაქეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რამდენიმე დღეში, აჭარის მთავრობის სახლთან მისვლას და პროტესტის გამოხატვას გეგმავენ. შვიდ მაისს, ადმინისტრაციულ შენობასთან ასობით მოქალაქის მისვლას, სახალხო მოძრაობა „ფუხარას ხმის“ ხელმძღვანელი აანონსებს.
შვიდ მაისს ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების აქციაც იგეგმება. ისინი პროტესტის გაგრძელებას იქამდე გეგმავენ, ვიდრე ხელისუფლება ბინების მიღების კრიტერიუმებს არ განსაზღვრავს. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებლები, აჭარის მთავრობის სახლთან, კარვების გაშლასაც აპირებენ.
საპროტესტო აქციების ტალღას, ექვსს მაისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს. ქუჩაში გამოსული მხარდამჭერები, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას გამოუცხადებენ. ათასობით მოქალაქეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ელოდებიან. გაჩერებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აჭარაში, აქციები, ერთი მეორეს მიყოლებით, კვირის ბოლოსთვის ანონსდება. ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეები, მათი პრობლემებით, მმართველ გუნდის დაინტერესებას ქუჩაში გამოსვლით ეცდებიან. ორგანიზატორები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ყურადღება, სხვაგვარად, ვერ მიიქციეს.






















