სტიქია დამანგრეველი შედეგებით - რა ხდებოდა ქობულეთში დღის განმავლობაში?

სტიქია დამანგრეველი შედეგებით. შავ ზღვაზე 8 ბალიანმა შტორმმა დღეს მთელს აჭარაში სავალალო მდგომარეობა შექმნა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ქობულეთი. მუნიციპალიტეტში დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაიტბორა პარკი. ძლიერმა ტალღებმა საცხოვრებელ სახლებში და კომერციულ ფართებში შეაღწია. ზარალი სოლიდურია. ადგილობრივები, ყვებიან, რომ ამ მასშტაბის და სიმძლავრის ტალღები წლებია არ ახსოვთ.

თამარ მეფის სანაპიროზე მცხოვრებლები ისევ შიშის ქვეშ არიან. ელოდებიან, რომ ძლიერი შტორმი ისევ გადაუვლით და მიყენებული ზიანი, ერთი ორად გაეზრდებათ. პირველი დარტყმა უკვე მიიღეს. პირველ ზოლში, თითქმის ყველა სახლის და კომერციული ფართის პირველი სართულები დატბორილია. შესაბამისად დაზიანებულია ინვენტარიც. ეზოები და საცხოვრებლები, ზღვის წყალთან ერთად, ქვიშითაა სავსე. ადგილობრივები, დახმარების მოლოდინში არიან.

რვაბალიანი შტორმის შედეგები ქობულეთში საკმაოდ მძიმეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი სურათი ათეული წლებია არ უნახავთ. ქვიშას, აქ მთლიანად აქვს დაფარული ქუჩა, ტროტუარები, გაზონები. დაზიანებულია დეკორატიული ჯებირები და სხვა ინფრასტრუქტურა. ვიდრე დახმარების ჯგუფები გამოჩნდებიან, შტორმის შედეგებს, ადგილობრივები, საკუთარი ძალებით უმკლავდებიან.

ძლიერი ტალღები, ქობულეთის სანაპიროს, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტად აზიანებს. წყალი იმდენად მაღლა ამოდის, აქ გავლაც კი საშიშია. ტალღებმა დააზიანა სანაპიროზე არსებული კაფე-ბარებიც.

თამარ მეფის სანაპირო, ერთ მონაკვეთში, სრულად ჩავარდნილია. ეს გზის ის მონაკვეთია, რომლის მომიჯნავედაც, მშენებლობა მიმდინარეობს და საძირკველია ამოჭრილი. ზღვის წყალი, გადავიდა აღმაშენებლის გამზირზეც. აქ მოძრაობა, გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდული იყო. მანქანების მიმოსვლას, საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.

მოსახლეობა ისევ დაძაბულია. ამბობენ, რომ თუ ტალღები არ იკლებს, ზარალი გაეზრდებათ, აღელვებთ უსაფრთხოებაც. ამ დროისთვის აქ დახმარების გაწევა ფაქტობრივად ვერ ხერხდება, რადგან ტალღები ინტენსიურია. ზარალს, მუნიციპალიტეტი გამოდარების შემდეგ დაითვლის.

ძლიერი შტორმი, დღეს დილიდან დაიწყო.  სინოპტიკოსები, ორდღიან უამინდობას პროგნოზირებენ.

მეტის ნახვა