ახალი ამბები • 1755604000
თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე, არჩილ ჩიქოვანი და დავით ბალაძე | უფლებადამცველი იმ პირებს ასახელებს, რომლებიც ბათუმში ბიზნესის სფეროს კლანურად მართავენ

თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე, არჩილ ჩიქოვანი და დავით ბალაძე- უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმ პირებს ასახელებს, რომლებიც ბათუმში ბიზნესის სფეროს კლანურად მართავენ. თამაზ ბაკურიძე დასძენს, რომ სია სრული არ არის და ვრცელ ჩამონათვალს ხვალ გაასაჯაროებს. მისივე თქმით, ადამიანების ნაწილი მერიისა თუ სხვა სახელმწიფო უწყებების მოქმედი თანამშრომელია.
"ახალი თემა, რომელიც ყოფილი და მოქმედი პირების საქმიანობას ეხება, ალბათ დაუფარავი დარჩებოდა საზოგადოებისთვის, რომ არა მოქალაქეების არაერთი მოწოდება და მოწადინება, რომ სიმართლე დღის სინათლეზე გამოსულიყო.
ბოლო დღეებში საჯაროდ მივმართეთ საზოგადოებას და ყურადღება გავამახვილეთ კონკრეტულ მაფიოზურ-კლანურ მექანიზმებზე, რომლებიც მყარად ფესვგადგმულია რეგიონში — კონკრეტულად კი სამშენებლო ბიზნესში. ეს არის წრე, რომელშიც წლების განმავლობაში იყვნენ და კვლავაც რჩებიან მაღალჩინოსნები, რომლებიც დღესაც საქმიანობენ სახელისუფლებო სტრუქტურებში — აჭარის მთავრობის აპარატსა და ბათუმის მერიაში. ისინი სხვადასხვა რანგის პოზიციებზე "მოკალათებულნი" დღესაც განაგრძობენ პირდაპირ მონაწილეობას იმ პროცესებში, რომლებიც სამშენებლო ნებართვებს უკავშირდება.
ჟურნალისტებისგან ხშირად მესმის კითხვა — ვიცით თუ არა კონკრეტული კორუფციული გარიგებების შესახებ? აგერ ბატონო, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი — გარიგებები სამშენებლო სფეროში, რომლებიც ხორციელდება მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ და რომელშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ კონკრეტული გავლენიანი პირები.
ჩვენი მოთხოვნა უბრალო არ არის — ეს არის საზოგადოების წუხილის გამოძახილი. დანარჩენ დეტალებს ხვალ, 12 საათზე, საპროტესტო აქციაზე გაგაცნობთ. აქციის ადგილი დილით გახდება ცნობილი.p.s. ბიზნესის წარმომადგენელთა გვარები ხვალ გასაჯაროვდება"-წერს თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში

1746451221

1745312322