ახალი ამბები • 1769693544
ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია - სერგეი ლავროვის განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ასეთი ომის დაწყებისკენ ნაბიჯად კი მან უკრაინაში დასავლური ქვეყნების ჯარების შესაძლო გაგზავნა დაასახელა.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატო-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ეომონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს“, – განაცხადა ლავროვმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დასავლური ქვეყნები თითქოს მოსკოვსა და კიევს შეთანხმების საშუალებას არ აძლევენ.
„ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ არც აშშ და არც დიდი ბრიტანეთი არ ურჩევენ ზელენსკის, დააჩქაროს მოლაპარაკებები, არამედ ყოველ ჯერზე გაამკაცროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, უკრაინულმა მხარემ მარტის ბოლოს სტამბოლში გამოცხადებული საკუთარი პოზიციისგან უკან დაიხია. რუსი მინისტრის ცნობით, ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთხელ შეინიშნებოდა წინსვლა. მისივე მტკიცებით, უკრაინამ რუსეთს შეთავაზებების სია გადასცა, რომლის შეთანხმების საფუძვლად ასაღებად მზად იყო რუსეთი. თუმცა, ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პოზიცია შეიცვალა.
„მაშინ მათ წარმოგვიდგინეს თავიანთი კონტრიდეები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც გაკეთდა სტამბოლში. უზარმაზარი ნაბიჯი უკან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბოლოოდ მხარეები რამე შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
„როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც გამოიყენება შეიარაღებული ძალები, ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება. თუმცა, მისი პარამეტრები განისაზღვრება სამხედრო მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც ეს შეთანხმება რეალობად იქცევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში.






















