სასტიკი მკვლელობა ჭარნალში - ქმარმა ცოლ-შვილი მოკლა

ამბავი, რომელმაც  დღეს, მთელი ქვეყანა შეძრა,  ამ სახლში მოხდა. სავარაუდოდ, 54 წლის კაცმა, გამთენიისას, ჯერ  მძინარე ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლულია 21 წლის ბიჭი და 43 წლის ქალი.

ადგილობრივების თქმით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. მის მიერ მოკლული  ცოლისა და შვილის ცხედარი, დილით საძინებლში იპოვეს, კაცი კი, სახლის მიმდებარედ. მკვლელობის მოტივზე არავინ საუბრობს. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახში რაიმე სახის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში კიდევ ორი წევრი - მეორე შვილი და კაცის დედა იმყოფებოდნენ. მათ თავდაცვის მიზნით, თავი მეზობლებს შეაფარეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების რამდენმე ჯგუფი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, ბრალდების ადრესატიც გარდაცვლილია. საზარელი ფაქტის მიზეზი, ამ დრომდე, დაუდგენელია.

მეტის ნახვა