ახალი ამბები • 1732172899
პრეზიდენტის მიწვევა და "ქართული ოცნების" უარი "ფესვებს" - რატომ დააბრუნეს უკან ქორეოგრაფიული გუნდი?
პრეზიდენტის მიწვევა და „ქართული ოცნების“ უარი ანსამბლ „ფესვებს“. ორბელიანების სასახლეში მიმავალი ქორეოგრაფიული გუნდი მოულოდნელად, უკან დააბრუნეს. ჯერ უთხრეს, რომ კულტურის ცენტრს სალომე ზურაბიშვილის მიწვევა არ ჰქონდა, შემდეგ კი ჩვენებები შეაცვლევინეს და ათქმევინეს, თითქოს ხანდაზმულ მოცეკვავეებთაგან, რამდენიმე შეუძლოდ გახდა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ ღონისძიებაზე აღარ წასულიყვნენ. მიზეზები და ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვევა. თავად პრეზიდენტი კულტურულ ბოლშევიზმზე საუბრობს. კულტურის სამინისტრო კი დუმს.
ანსამბლ „ფესვების“ ხანდაზმული წევრები ახლა ისეთი შეურაცხყოფილები არიან, როგორც არასდროს. ორკვირიანი დამღლელი რეპეტიციების შემდეგ, სპეციალური პროგრამით და საგანგებოდ მომზადებული ნომრებით პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი შემადგენლობა, ზესტაფონიდან უკან დააბრუნეს. უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ორგანიზებულ, მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
კითხვაზე პასუხი ვეღარ გაგვცა და ანსამბლის ხელმძღვანელმა ტელეფონი გაგვითიშა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზესტაფონში ჩასულებს, შუახევის კულტურის ცენტრიდან დაურეკეს და უკან დაბრუნება უბრძანეს. ოთხსაათიანი დაყოვნების შემდეგ, ავტობუსი ისევ აჭარისკენ გამოემართა. „ფესვები“, სახელმწიფო ანსამბლია, ბიუჯეტით ფინანსდება და მივლინებისთვის, ტრანსპორტირების ხარჯს, დამოუკიდებლად ვერ გაიღებდნენ. ეს კიდევ ერთი გარემოებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამგზავრება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა. შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი დღეს ირწმუნება, რომ პრობლემა არა მოსაწვევის არარსებობა, არამედ ანსამბლის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა და მოცეკვავეები თავიანთი ნებით დაბრუნდნენ უკან.
ის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ნამდვილად ელოდა „ფესვებს“, ეს ფაქტია. მან, საჯაროდ მოუხადა ბოდიში ანსამბლს და განაცხადა, რომ მომხდარი, მხოლოდ კულტურულ ბოლშევიზმზე მიუთითებს.
მომხდარზე შეფასებას აკეთებენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“. აქ ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის მიღებული პარტიული გადაწყვეტილება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენს ანსამბლის ღვაწლმოსილ ხელოვანებსაც. გადაწყვეტილების უკან „ქართული ოცნებას“ ხედავენ, რომელიც პრეზიდენტთან დაპირისპირებაშია.
ორდღიანი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში, მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის გამართა. სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ ხელით ნამუშევარი ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“, მიპატიჟებულები იყვნენ ამ ნამუშევრების ავტორებიც. ღონისძიებაზე ჩავიდნენ ბათუმელი პოეტებიც. გენრი დოლიძე ამბობე, რომ „ფესვების“ დასახვედრად, სასახლეში ყველაფერი მზად იყო.
მომხდარზე განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ვთხოვეთ. გვინდოდა გაგვეგო, ხედავს თუ არა პოლიტიკურ სარჩულს. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზებზე ინფორმაციას არ ფლობს.
მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო ორდღიანი იყო და დღეს დასრულდა. საქართველოს კულტურის მინისტრს განმარტებები და შეფასებები მომხდარის შემდეგ, ამ დრომდე არ გაუკეთებია.
1731685299
1727447820