ახალი წელი უცვლელი ილუმინაციებით

 

მსოფლიო ახალი, 2022 წლის მოლოდინშია, ყველასთვის საყვარელი, ზღაპრული დღესასწაულის დადგომამდე, სულ ცოტა დრო რჩება და ქალაქები საახალწლო სამზადისში აქტიურად ერთვებიან. იგერ, ნიუ ორკის ოცდაათიათასი ნათურით მორთულ ნაძვის ხეს, 250 კილოგრამიანი სვაროვსკის ვარსკვლავი დაამატეს. შორს რომ არ წავიდეთ, აქვე, ჩვენსავე კონტინენტზე, ლონდონში, მილიონობით ადამიანი სანახაობრივი შოუებითა და ფერადი საახალწლო მორთულობებით ხვდება. აი, ბათუმში კი, ჩიქოვანის უწყებამ, ქალაქი თითქოსდა, ჯადოსნური ჯოხის დახმარებით გარდაქმნა და ჰაერში სულ შობა-ახალი წლის სურნელი ტრიალებს. ბათუმის მერიამ ახალ „ექსპერიმენტებზე“ უარი თქვა და ამჯერად, მთავარი ნაძვის ხე, ქოლგების გარეშე, კვლავ, ძველ ადგილს, ევროპის მოედანს, უბრუნდება. ზღაპრული ატმოსფეროს შესაქმნელად კი, ქუჩებში, წლების განმავლობაში უცვლელი, საახალწლო განათებები ზარ-ზეიმით ჩამოკიდეს.

ბათუმის მერიამ, ქალაქის განათებები და დეკორაციები, კვლავ, სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულ კომპანიას, „აჭარგანათებას“ მიანდო. ამ უკანასკნელმაც, ტოლი არავის დაუდო. აი, მაგალითად,  ლერმონტოვის ქუჩაზე რომ გაივლით, ისეთ საახალწლო განწყობა იგრძნობა, თავი პირდაპირ მანჰეტენზე გეგონებათ. ქალაქის თვითმმართველობამ, ამ ყველაფერში, რასაც თქვენ ახლა კადრებში ხედავთ, გასულ წელთან შედარებით, 200 ათასი ლარით მეტი დახარჯა და ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებულ კომპანიას, ბიუჯეტიდან  699 910 ლარი გადაუხადა.

„ქართულ ოცნებას“ თანხა, არც საახალწლო ღონისძიებებისთვის დაენანა და მხოლოდ ჰონორარებში, ბიუჯეტიდან 300 ათას ლარამდე დახარჯა. საბოლოოდ კი, ხალხის ფული ასე გადაანაწილეს.

  • კულტურული ღონისძიების ორგანიზება – 230 000 ლარი
  • „ახალი წელი 2022“ [20-26 დეკემბერი] – 54 775 ლარი [ჰონორარი]
  • გალაკონცერტი [31 დეკემბერი] – 50 500 ლარი [ჰონორარი]
  • ქართული სიმღერების საღამო [7 იანვარი] – 98 125 ლარი [ჰონორარი]

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უამრავ გაჭირვებულს და უფასო სასადილოს რიგში მდგომ ხალხსაც მრავლად შეხვდებით, ხელისუფლება ასიათასობით ლარს, უხარისხოდ შესრულებულ საქმეებში ხარჯავს და „ცუდი შუამავლის“ როლს ასრულებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, ტელეკამერების წინ, დახუნძლულ ღონისძიებებზე ბედნიერები გვესაუბრებიან.

ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც, საზოგადოება ხდება მთავარი მსხვერპლი და მათი ფული არამიზნობრივად იხარჯება. 

მეტის ნახვა