ქობულეთში ბეტონის შენობა პლაჟსა და ზღვიდან ასასვლელ კიბეზე ააშენეს

კაფე

ქობულეთში, ბეტონის შენობა პლაჟზე ააშენეს. შენობამ დაფარა ზღვიდან ასასვლელი კიბე, რომლითაც მოქალეები სარგებლობდნენ. ნაგებობა ზღვიდან 10 მეტრის დაშორებითაც არაა. ობიექტი უკვე ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ყოველდღიურად მასპინძლობს.

საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით პლაჟზე მსგავსი სახის მშენებლობა იკრძალება.

"ალბერტ ხინიკაძე უნებართვო მშენებლობისთვის 4 ათასი ლარით დაჯარიმდა, ვინაიდან ობიექტი უკვე ფუნქციონირებს მისი დემონტაჟი ტურისტული სეზონის ბოლოს დაიწყება," - გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტი ქობულეთის მერიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ორი სართული ისე აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს მაკონტროლებელმა ვერაფერი შენიშნა.

ცნობისთვის, ყოველი შტორმისას ზღვის ტალღები თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ სახლებამდე აღწევს. ძლიერი ტალღები მნიშვნელოვნად აზიანებს ინფრასტრუქტურას. 


ამ ობიექტიდან დაახლოებით ხუთ მეტრში კიდევ ერთი კაფის მშენებლობა მიმდინარეობს, ისიც კანონდარღვევით.  თამარ მეფის ქუჩის 54 ა-ს მოპირდაპირედ ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის ილია მეგრელიძე მერიამ  5 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა, ახლა კი დემონტაჟისთვის აუცილებელი პროცედურები მიმდინარეობს. 

მეტის ნახვა