უბანი ბათუმში, რომელიც ლამის ნაგავსაყრელაა ქცეული

უბანი ბათუმში, რომელიც ლამის ნაგავსაყრელაა ქცეული.  ქალაქის პერიფერიულ ნაწილში რამდენიმე ჩიხი მერიამ მიივიწყა. ე.წ  ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ცხოვრება გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ: არ აქვთ გარე განათება, სანიაღვრე არხები, ირგვლივ  ეკალ-ბარდი და სამშენებლო ნარჩენები ყრია. საუაბრი ზედმეტია საბავშვო ატრაქციებზე. გეგმავს თუ არა თვითმმართველობა ქუჩების კეთილმოწყობას? ია გოლიაძე არკვევდა

ასე გამოიყურება ე.წ ხოფის მიმდებარე ტერიტორია. ტაბიძის პირველი ჩიხის დასაწყისსაც კარგად ეტყობა, რომ ქუჩის გაგრძელება არც თუ ისე სასიამოვნოდ სანახავი იქნება. ელექტრო გადამცემი ბოძების ფუნქციას ნახევრად მოჭრილი ხეები ითავსებს. ეზო, უხეშად რომ თქვათ, ნაგავსაყრელს ჰგავს. ურნების არასაკმარისი რაოდენობის გამო, როგორც ჩანს, ადგილობრივები ნარჩენებს, სადაც მოეხერხებათ, იქ ყრიან.

პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მიმდებარე ტერიტორია ეკალ-ბარდითაა დაფარული, მერიის სამსახურები კი, როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, არ ჩანს. ბოლო რამდენიმე თვეა არ მუშაობს გარე განათებაც. ქეთევან წამებულის ჩიხში კი გადაბელილ-გადაჭრილი ხის ნარჩენები, ჯერ კიდევ გზაზე ყრია.

სათამაშო მოედნებზე საუბარი ზედმეტია. ქუჩა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ბავშვები სათამაშოდ სხვა უბნებში გადიან. პრობლემაა სანიაღვრე არხების არ არსებობაც. იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაცია გამართული არ არის, ადგილობრივებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არ უწვიმია, ტერიტორიის ნაწილი დატბორილი დაგვხვდა. უამინდობას აქ მცხოვრებლები სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან.

იგეგმება თუ არა ჩიხების კეთილმოწყობა სამომავლოდ?  ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში მხოლოდ სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2022 წელს მომზადდება. რაც შეეხება ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავებას, სატელევიზიო კომენტარი არც სანდასუფთავების სამსახურში გაკეთდა. აქაც ზეპირი ინფორმაციის სახით გვითხრეს, რომ დასუფთავების სამუშაოები გეგმის მიხედვით რეგულარულად განხორციელდება. ქეთევან წამებულის  ჩიხში,  გადაბელილი ხეების ნარჩენების გატანა, TV 25-ის გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ დაიწყეს.

მეტის ნახვა