ბუღალტერმა მოპარული ფული დააბრუნა - ქობულეთის მერია

ქობულეთის მერია

"სანდასუფთავების სამსახურის ყოფილმა ბუღალტერმა, თინათინ კონცელიძემ მითვისებული თანხა უკვე დააბრუნა. მან სრულად აანაზღაურა მუნიციპალიტეტზე მიყენებული ზიანი," - მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

უწყებას განმარტების გაკეთება TV25.GE-ის მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებული და გასაჯაროებული ფაქტის შემდეგ მოუწია. 

TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას პირად ანგარიშზე ირიცხავდა. თინათინ კონცელიძე უკვე გათავისუფლებულია და პასუხისგებაშია მიცემული. საერთო ჯამში, საჯარო მოხელემ 20 ათას ლარზე მეტი მიითვისა.

"საჯარო მოხელემ თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა აღიარა და მიმდინარეობს გამოძიება, თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ," - აცხადებენ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

საქმე ისაა, რომ "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახურს დროებით რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა აყვანილი, ხელშეკრულების ვადის დასრულებისა და თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ ბუღალტერმა ხელფასებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის დარიცხვა პირად ანგარიშზე გააგრძელა.

ბიუჯეტის ფულის მითვისების ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ორგანიზაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. ამ უკანასკნელს შესაბამისი დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია. ჩვენი ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში მერიის მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ. საქმეს პროკურატურა იძიებს. უწყებაში დღეს ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახური სკანდალში ეხვევა. წლების წინ, TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დაწესებულებაში ათეულობით ადამიანი ფიქტიურად, ასევე, ნეპოტიზმის ნიშნით იყო დასაქმებული. ექსკლუზიური ფაქტების გასაჯაროვებიდან რამდენიმე საათში სამსახური უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლეს, თუმცა ის პასუხისგებაში არ მიუციათ. გამოძიების შედეგები კი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. 

ნახეთ სიუჟეტი TV25-ის არქივიდან: 

 

 

მეტის ნახვა