დროში გაწელილი სასამართლო დავები და გაურკვეველი ვადით გადატანილი პროცესები - რა ზიანი შეიძლება მოიტანოს საქმეების არადროულმა განხილვამ?

დროში გაწელილი სასამართლო დავები და გაურკვეველი ვადით გადატანილი პროცესები - რა ზიანი შეიძლება მოიტანოს საქმეების არადროულმა განხილვამ? ეს კითხვა მაცნემ, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, იურისტებსა და მესამე სექტორს დაუსვა. მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებსა და საჭირო რეფორმებზე, ამ ნაწილშიც, ყველა ერთხმად თანხმდება. ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნისთვის, ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად, სწორედ, სასამართლო სისტემის ხარვეზები დასახელდა. განსახილველი საქმეების სიმრავლე, ჩაკეტილი სისტემა, კლანური მმართველობა და ამ გარემოებებში ჩაკარგული ადამიანის უფლებები - დაუსრულებელი სასამართლო დავების მიზეზები და შედეგები, ვნახოთ სიუჟეტში.

სასამართლო დარბაზების არარსებობა, მოსამართლეების ნაკლებობა და გახშირებული დანაშაული - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზების, რომელიც სასამართლო პროცესების გაჭიანურებას უწყობს ხელს. იურისტების თქმით, იმ  შემთხვევაში თუ კი, იუსტიციის საბჭო ახალი კადრების დამატებაზე იზრუნებს, პრობლემა დღის წესრიგში აღარ იქნება. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ საბჭო მოსამართლეებს თავიანთი გარემოცვიდან ეძებს. ადვოკატი, კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მოსამართლეებს ანაზღაურება, განხილული საქმეების მიხედვით უნდა ჰქონდეთ.

თუ კი, არსებულ რეალობას თვალს გადავავლებთ, თვალსაჩინოა, რომ სასამართლო, პრობლემებთან გამკლავებას ვერ უზრუნველყოფს, რაც პროცესის ხარისხზეც აისახება. იურისტების თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლე განსახილველი საქმის სიღრმისეულ გაცნობას ვერ ახერხებს და გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი ხდება. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ევროინტეგრაციისთვის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმის განხილვა წლების განმავლობაში, დაუსაბუთებელი არგუმენტით ჭიანურდება. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებები, უხეშად ირღვევა. ბრალდებულები თავიანთ განაჩენს წლების განმავლობაში ვერ ისმენენ და მოქალაქეები მართლმსაჯულების პოვნას, სხვადასხვა, ხერხით ცდილობენ.

სასამართლო სისტემის გადატვირთულობა, ჩაკეტილი სისტემა, კლანური მმართველობა - გაჭიანურებული სასამართლო პროცესების მიზეზად, მესამე სექტორში, ამ გარემოებებს ასახელებენ. ევროკავშირის წევრობის სტატუსის რეკომენდაციაზე, უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობა დასახელდა. საიაში ამბობენ, რომ პრობლემა, ამ მიმართულებით, ცვლილებებისთვის განსახორციელებლად პოლიტიკური ნების არ არსებობაა.

რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე იმისთვის, რომ ამ გამოწვევის წინაშე არ ვიყოთ. აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოსავალს, საკითხის ტექნიკურად მოგვარებასა და მოსამართლეებისთვის განსახილველი საქმეების თანაბრად გადანაწილებაში ხედავს.

რამდენი მოსამართლე ჰყავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და რატომ ვერ აღმოიფხვრა, დროში გაწელილი დავების პრობლემა წლების განმავლობაში? კითხვებზე პასუხების მისაღებად, ქალაქის  სასამართლოს მივმართეთ, თუმცა, აქ, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

მეტის ნახვა