ახალი ამბები • 1732284277
ექსკლუზივი: ქობულეთის "სანდასუფთავების" ბუღალტერი თანამშრომლების ხელფასს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა. ფაქტი დაგვიდასტურეს მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც განმარტეს, რომ თინათინ კონცელიძე უკვე გათავისუფლებულია და პასუხისგებაშია მიცემული. საერთო ჯამში, საჯარო მოხელემ 20 ათას ლარზე მეტი მიითვისა.
"საჯარო მოხელემ თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა აღიარა და მიმდინარეობს გამოძიება, თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ," - გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თინათინ კონცელიძემ სეზონურად, დროებით, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ანაზღაურებას რიცხავდა საკუთარ ანგარიშზე. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, საჯარო მოხელე ბიუჯეტის ფულს ითვისებდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახური სკანდალში ეხვევა. წლების წინ, TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დაწესებულებაში ათეულობით ადამიანი ფიქტიურად, ასევე, ნეპოტიზმის ნიშნით იყო დასაქმებული. ექსკლუზიური ფაქტების გასაჯაროვებიდან რამდენიმე საათში სამსახური უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლეს, თუმცა ის პასუხისგებაში არ მიუციათ. გამოძიების შედეგები კი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
ნახეთ სიუჟეტი TV25-ის არქივიდან:
1727447820