ახალი ამბები • 1732284277
გალიფ ოზთურქის საქმე - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?
გალიფ ოზთურქს, მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი, ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბიზნესმენი, გირაოს სახით, მოსამართლეს, ერთ მილიონ ლარს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.
ადვოკატების თქმით ოზთურქს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და გადაადგილებაც უჭირს, დასტურად კი, კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა წარადგინეს. ბრალდებულს, პროკურატურამ, ბრალი, მხოლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ თურქი ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს. გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარეობდა.
ოზთურქს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს.
1727447820