ახალი ამბები • 1728566105
რა გამოწვევების წინაშე არიან მაღალმთიან აჭარაში - ხულოში მცხოვრები ქამადაძეების გასაჭირი "მაცნეს" ობიექტივში
მაღალმთიან აჭარაში სოფლები წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ცარიელდება. ვინ მძიმე პირობებს გაურბის და ვინ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, თუმცა ჯერ კიდევ მოიძებნება ოჯახები, რომლებსაც მთის მიტოვება არ სურთ. ისინი გამოწვევების მიუხედავად, იქ რჩებიან და ცხოვრებას სიდუხჭირესთან ჭიდილით განაგრძობენ. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლების დიდი ნაწილის ლუკმა პური რძის ნაწარმია, თუმცა ცხადია, არის საჭიროებები, რასაც მხოლოდ ნაწველით და მიწაზე მოწეული სურსათით ვერ მიიღებ. მინიმალური შემოსავალი მაინც საჭიროა, მით უფრო, თუ ოჯახში ბავშვები იზრდებიან და განათლება სჭირდებათ. ერთი ასეთი მაგალითი, ხულოში, სოფელ ყიშლაში, ქამადაძეების ოჯახია.
გათენებამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ქამადაძეებთან უკვე ფხიზლობენ. სადაცაა, დილის ლოცვა დაიწყება და მანამდე საუზმობა უნდა მოასწრონ. ოჯახში ყველა მუსლიმანია და რამაზანის მარხვას იცავს
საუზმე მოკრძალებულია, რისი საშუალებაც აქვთ, იმას ჯერდებიან. არის დღეები, როცა ასეთი სუფრის გაშლაც ჭირს. შემდეგ ვახშამზე უნდა იფიქრონ, როგორც მარხვისას ამბობენ, იფთარზე. დღეები, თვეები, წლები, ასე თავის გატანაზე ზრუნვით გადის. მაყვალა გელაძემ, კარგი დღეების მოლოდინით ცხოვრების ნახევარზე მეტი განვლო. იმედს მაინც არ კარგავს. სიდუხჭირეს თავს არ უხრის. ახლა მისი მთავარი საზრუნავი, შვილისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა. უნდა განათლება მისცეს. სალომე სკოლას წელს ამთავრებს.
უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. იმისთვის, რომ თავი გაიტანონ, მძიმე შრომას 53 ქალი არ თაკილობს. მუშაობს ყველასთან და ყველაფერზე, სადაც მცირედს მაინც გამოიმუშავებს. გამოსავალს ყველგან ეძებს, საკმარისი, მაინც არაფრისთვისაა. მიწის ნაკვეთიც პატარაა, მოსავალი წლიდან წლამდე არასაკმარისი. სოფელში, ჯერ მხოლოდ ხნავენ, თუმცა იმის გამო, რომ ბოსტნეულმა მოუსწროთ, ქამადაძეებმა თადარიგი დაიცვეს. მაყვალას ოჯახი წლების წინ სოციალური დახმარების მიმღები იყო. 10 წელია შემწეობით ვეღარ სარგებლობს. ეუბნებიან, რომ შრომისუნარიანები არიან, არა და ეს ასე არ არის. ოთარ ქამადაძეს წლებია ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს.
ქამადაძეს, მიწისძვრის შედეგად სახლი 2010 წელს დაენგრა. სადაც ახლა ცხოვრობენ, მეზობლების დახმარებით ააშენეს. ხულოს მერიამ, მხოლოდ სახურავისთვის გამოუყო მასალა და ისიც სანახევროდ. იმისთვის, რომ სველი წერტილი მოეწყო, ოთარს სესხის აღება დასჭირდა. ახლა, იმ 200 ლარიდან, რომელსაც მეუღლე სოფლის სკოლის დალაგების სანაცვლოდ იღებს, 120 ლარი ბანკს მიაქვს.
სოფლები ამგვარი სიდუხჭირის და უყურადღებობის გამო იცლება. ფიქრობენ, რომ ქალაქში მეტი გასაქანია, თუმცა ბევრს, მთის დატოვება არ სურს, ამიტომ ისინი, ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, რომლებიც ზღვის დონიდან ასეულობით მეტრის სიმაღლეზეა.
1728068947
1726854943
1726726009