სოფელი ოქტომბერი საგანგაშო მდგომარეობაში და ოჯახები, რომლებიც გამოსავლის ძიებაში არიან

ღია ნაპრალები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში და მოსახლეობა მომატებული რისკის ქვეშ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მდგომარეობა განსაკუთრებით გასული კვირის უამინდობის შემდეგ დამძიმდა. გეოლოგების დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ, 20 ოჯახია. მუნიციპალიტეტი, ნაწილს 50 ათას ლარად განსახლებას სთავაზობს, თუმცა მოქალაქეები შეთავაზებული თანხით, საცხოვრებელს ვერ პოულობენ. სოფლებში მცხოვრებთა უმრავლესობა მრავალშვილიანია. თამარ კიკნაძისა და გერა კილაძის რეპორტაჟი მაღალმთიანი აჭარიდან.

რუსუდან ტაბახია 6 თებერვლის ღამეს იხსენებს. ემოციებს, დრო ვერ კურნავს. გასული კვირის შიში მისთვის ნაცნობი იყო, რადგან დამეწყვრის რისკის ქვეშ ერთხელ უკვე იდგა. ახლა, მიწის მასა, მისი  სახლიდან, სულ ხუთიოდ ნაბიჯშია ჩამოწოლილი.

ოჯახმა, ყველაზე რთული ღამე, მეზობლებთან ერთად გაათია. რაც შეძლო, რისკის მიუხედავად, თან გაიყოლა. დიასახლისი, ღარიბულ, თუმცა საკუთარ კერას ცრემლების გარეშე ვერ ელევა. დღეს ტაბახიები, ქირით, სოფელ ვაიოში, მერიის 300 ლარიანი ქირით ცხოვრობს. რუსუდანი, სიძეს შეეკედლა. თუმცა ამბობს, რომ სხვასთან ცხოვრება რთულია და საკუთარი ჭერი უნდა. ადგილობრივი ხელისუფლება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50 000 ლარად განსახლებას სთავაზობს, თუმცა ოჯახი ამ თანხით, უსაფრთხო საცხოვრებელს ვერ პოულობს, მით უფრო ისეთს, რომ ექვსსულიანი ოჯახისთვის საკმარისი იყოს.

ძირძველი სახლი, მეწყერსაშიშ ზონაში დგას, საფრთხე სულ 20-მდე ოჯახს ემუქრება. მათი ნაწილს, მომეტებული საფრთხის გამო, სახლები დიდი ხანია დაკეტილი აქვთ, ნაწილმა, სოფელი, გასულ კვირას დატოვა. სავარგულები ისევ აქ არის. სოფელ ოქტომბერში, ცხოვრება რომ სახიფათოა, სპეციალისტის დასკვნის გარეშეც იოლი მისახვედრია. აქ, ირგვლივ ყველგან ბზარებია. ნაპრალებია, მთებზეც, ყანებსა და ბოსტნებში, ვენახებში, საფლავებთან, საცხოვრებელ ეზოებში და სახლებთან. ვისთანაც რისკი ნაკლებია, დარჩენის მასაც ეშინია, რადგან, იცის, რომ სახლამდე მისასვლელი გზა, შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიმეწყროს.

იმედა შერვაშიძე, სოფლის ბოლოში ცხოვრობს. იმ სახლების და მთების ძირში, რომლებიც დაბზარულია და იშლება. მდგომარეობა აქაც სავალაოა. სახლის როგორც ირგვლივ, ისე მის ქვეშ, წყალი უხვად მიედინება. თუ მთა ჩამოიშლება, გადარჩენას ვერ შეძლებს. 50 000 ლარად განსახლებას მასაც სთავაზობენ, თუმცა შეთავაზებას ვერ თანხმდება. ოჯახში 10 წევრი ცხოვრობს და შესაბამისი ფართის ყიდვა არ გამოსდის.

სოფელშ ამბობენ, რომ თუ მეწყერი, მდინარე აკავრეთამდე ჩავა, იმდენად დიდი მასა იქნება, დაგუბებული წყალი, როგორც სოფლის, ისე მუნიციპალიტეტის ცენტრს შეუქმნის საფრთხეს. ოპოზიცია, რისკების გათვალისწინებით, მერიას ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, სახელმწიფომ, გაზარდოს მხარდამჭერი პროგრამის მოცულობა.

ქედია მერიაში ამბობენ, რომ სოციალური სახლის მშენებლობა ვერ განხორციელდა, რადგან, ტენდერში მონაწილე კომპანიამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დისკვალიფიკაცია მიიღო. მერია ახლა, ხელახალი შესყიდვისთვის ემზადება. რაც შეეხება, სხვა კითხვებს, ქედის მერიაში მათზეც წერილობით გვიპასუხეს. მოგვწერეს, რომ მიმართვაზე მყისიერად რეაგირებენ და რომ ამ ეტაპზე სხვა მოცულობითი მხარდამჭერი პროგრამის შეთავაზება არ შეუძლიათ.

მეტის ნახვა