ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყოფილი კალათბურთელი - ივანე მაისურაძე გახდა...

ტვ25

ტვ25

დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმის ახალმა საკრებულომ მუშაობა დაიწყო. პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.

ივანე მაისურაძე ყოფილი კალათბურთელია, ის საკრებულოში არჩევამდე აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

ბათუმის ახალ საკრებულოში 25 წევრია. აქედან 15 წევრი პროპორციული წესითაა არჩეული, ხოლო – 10 მაჟორიტარულით.

საკრებულოში თითო მანდატი აქვთ – „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩს“. 22 მანდატს კი ,,ქართული ოცნება” ფლობს.

საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ივანე მაისურაძის არჩევას მხარი „ქართული ოცნების“ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

„მისასალმებელია, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვეობაშიც ინარჩუნებს ისტორიულ მემკვიდრეობას და თამამად მიაბიჯებს მომავლისკენ, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – თქვა ივანე მაისურაძემ საკრებულოს თავჯდომარედ არჩევის შემდეგ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ნატალია ზოიძე, ხოლო მოადგილეებად ირაკლი თავდგირიძე და ლევან ცხოიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისევ ერთხმად აირჩიეს.

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის უმეტესი ნაწილი არ მონაწილეობდა.

არჩევნების შედეგად ქვეყნის მასშტაბით აირჩიეს მერები და საკრებულოები.  არჩეულმა მერებმა მუშაობა 29 ოქტომბერს დაიწყეს, დღეს კი საკრებულოები შეიკრიბნენ.

მეტის ნახვა