ახალი ამბები • 1750239638
ბუბა კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი - ზელენსკის სამძიმარი

უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
"ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს:
ამ მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო.
უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას.
გლოვის ნიშნად, ქედს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის წინაშე ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება", - აღნიშნულია ზელენსკის წერილში.
შეგახსენებთ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას დღეს დაკრძალავენ. მსახიობი და მომღერალი 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიკაბიძე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთს და მხარს უჭერდა უკრაინას. 2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობასა და მეგობრობის ორდენის მიღებაზე.
კიკაბიძე უკრაინის აქტიური მხარდამჭერი იყო. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე ომს მიეძღვნა. 2013 წელს მსახიობმა უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო. 2021 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველ ხელოვანს იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენი გადასცა.

1739131407