ახალი ამბები • 1733997205
ექსკლუზივი: ქობულეთში, მდინარე კინტრიშიდან ბალასტის ამოღების მოთხოვნაზე ხელმოწერები გააყალბეს
კინტრიშიდან ბალასტის ამოღების მოთხოვნაზე ხელმოწერა გააყალბეს. ფაქტს TV 25-ს ერთ-ერთი მოქალაქე უდასტურებს. ზვიად ბლადაძე, რომლის ხელმოწერა მერზე მიმართვის განცხადებაზე ფიქსირდება, ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი თავად არ მოუწერია. ამის შესახებ ის ჩვენს მაუწყებელს ექსკლუზიურად მოუყვა. ბლადაძე ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც კინტრიშის ხეობაში დაგეგმეს, მოქალაქეებს არ ჰქონდათ და შესაბამისად, მოტყუებულები აღმოჩნდნენ.
ზვიად ბლადაძე ერთ-ერთია, ვისი სახელი და გვარი კინტრიშის ხეობიდან ინერტული მასალის ამოღების განცხადებაზეა დაფიქსირებული. დოკუმენტით, ქობულეთში მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის მერს მიმართავენ, მოხდეს კალაპოტის გაწმენდა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. მიმართვას ხელს 35 მოქალაქე აწერს. თუმცა დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ზვიად ბლადაძე TV 25-ს ექსკლუზიურად მოუყვა, რომ განცხადებაზე ხელი მას არ მოუწერია. შესაბამისად, დასკვნის გაკეთება მარტივია - დოკუმენტი გააყალბეს.
ბლადაძე გვიყვება, რომ მდინარის გასწორხაზოვნების მოთხოვნაზე მიმართვის შესადგენად პირადობის მოწმობის მონაცემები კომპანიასთან დაახლოებულ პირს მისცა, თუმცა არ აკონკრეტებს - ვის. ამბობს, რომ მასთან ახლობლობს და მეტი დეტალის თქმისგან თავს იკავებს. ბლადაძე ამბობს, რომ თხოვნას იმ პირობით არ დათანხმებულა, რაც ახლა კინტრიშზე ხდება. ამტკიცებს, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მდინარეზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ არ ჰქონიათ.
ზვიად ბლადაძეს მიაჩნია, რომ ხეობას და ბუნებას მილიონების მოპოვების მიზნით ასახიჩრებენ, ხალხი კი ამ ყველაფერზე რამდენიმე მოტივით არ საუბრობს. ზოგი თანამდებობის პირის ნათესავია, ზოგს ეშინია, ზოგიც კი კომპანიასთან დაახლოებული პირია და ფულს შოულობს. ბლადაძე დასძენს იმასაც, რომ ხელოვნური ჩარევის შედეგებს რამდენიმე წელში აუცილებლად მოვიმკით.
ქობულეთის მერი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ამბობს, რომ ყველა პროცედურა მდინარიდან ბალასტის ამოღების თაობაზე, კანონიერია. ლევან ზოიძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტის კანონიერებაზე პასუხისმგებელი თავად არ არის და თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, სამართალდამცავ ორგანოს უნდა მიმართოს.
კომპანია „მაინინ გრუპს“ 7 თვეა ხეობიდან ნატანი აქტიურად გააქვს. მას სამუშაოებზე ნებართვა ლიცენზიის გარეშე, პრემიერის მისცეს. ჩვენ ვეცადეთ კომპანიასთან დაკავშირება, თუმცა ქობულეთის მერიაში შპს-ს საკონტაქტო ტელეფონი არ მოგვცეს. დავუკავშირდით ივერი გუგუნავას, რომელიც კომპანიას წარმოადგენს. აღმოვაჩინეთ, რომ მისი სოციალური ქსელები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად გადაღებული ფოტოებით სავსეა. გუგუნავამ ჩვენს შეტყობინებას დღეს არ უპასუხა.
ამ ამბავში საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი. დოკუმენტის მიხედვით, წიაღისეულის ამოღებას, სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის მოსახლეობა ითხოვს, თუმცა ხელმომწერები რეალურად, ამ სოფლის მცხოვრებლები არ არიან. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ პროცესები ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ოპოზიცია კი საქმეში კორუფციულ სქემას ხედავს. თემას ადგილობრივი ხელისუფლების და მთავრობის წევრები ჯერ -ჯერობით არ გამოხმაურებიან.
1733990122
1728455482
1727447820