ახალი ამბები • 1729170886
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის -გიორგი მსხილაძე
"დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი - ამის უფლება არ გაქვთ;
მეორე - ეს არის ხელისუფლების განაწილების პრინციპის დარღვევა;
მესამე - ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობისა, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილებები.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იყო, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დღეს, 22 ივლისს მიმართა. სასამართლომ სარჩელი დღეს, 22 ივლისსვე დააკმაყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადდანიშნული წევრი უფლებამოსილებას ხვალ, 23 ივლისს უნდა შესდგომოდა" - ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
1726854943
1726726009